22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის - „მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი" - წარდგენა.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს წიგნის რედაქტორებმა, როზეტა გუჯეჯიანმა და მირიან ხოსიტაშვილმა. მათ ქართულ ეთნოგრაფიაში პოლიევქტოს კარბელაშვილის წვლილსა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
წიგნის რედაქტორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი და ისტორიკოსი, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.
ეროვნული ბიბლიოთეკა 2016 წლიდან გამოსცემს სერიას „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა". ეს გამოცემა ამ სერიის მეხუთე წიგნია.
დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი დიდი სასულიერო მოღვაწე იყო, რომელიც წმინდანად შერაცხეს. მისი მოღვაწეობა საერო ცხოვრებაშიც გამირჩეოდა.
პოლიევქტოს კარბელაშვილი ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ქართული კულტურის მკვლევარი იყო. ქართული ეთნოლოგიისთვის განსაკუთრებით ფასეულია მისი წერილი „სვანეთში ორი კვირით", რომელიც გაზეთ „ივერიაში" გაგრძელებებით 1903-1904 წლებში იბეჭდებოდა.
წინამდებარე გამოცემაში სწორედ ეს წერილებია თავმოყრილი.