„საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსის“ წარდგენა
 11/05/2026

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრმა უახლესი სამეცნიერო გამოცემა, „საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი" (სამტომეული) წარადგინა. პროექტი შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ სიტყვით მიმართა.  

„ეს არის დიალოგი ხალხებს შორის, კულტურებს შორის, მეხსიერებებს შორის. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კავკასიური ურთიერთობების, ისტორიული თანაცხოვრებისა და საერთო კულტურული სივრცის გააზრების გზაზე. ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვის იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა ერის ისტორია, ენა და კულტურა ერთმანეთს ხვდება. ინგუშ და ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენს ისტორიაში იყო საერთო ტკივილიც, თანადგომაც, მეგობრობაც და ურთიერთპატივისცემაც. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გამოცემები, რომლებიც ამ ურთიერთობებს სამეცნიერო საფუძველზე იკვლევს და ახალ თაობებს აცნობს", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

გამოცემა აერთიანებს საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ინგუშეთთან დაკავშირებულ საარქივო დოკუმენტებს, ასევე ქართულ ისტორიოგრაფიაში, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ და პერიოდულ გამოცემებში ინგუშეთზე არსებულ მასალებს.