„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი” - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 05/01/2022

„მე შევადგინე „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი", ე.ი. ისეთი საყოველთაოდ საჭირო, ოჯახებსა და სკოლებში აუცილებლად სახმარი წიგნი, რომელშიაც ანბანურის წესითა და ჟამთმრიცხველობის რიგით შესულია ყველა ჩვენი მოღვაწე ყოველს ასპარეზზე ქრისტეს უწინარეს მესამე საუკუნიდან ჩვენს დრომდე. წიგნი შეიცავს ისტორიულ, ბიბლიოგრაფიულ და სხ. ცნობებს. დაიბეჭდება საგანგებოდ, საუცხოო ქაღალდზე ახალი ასოთი და ათასზე მეტი სურათით შემკული", - წერს გამოცემის შესავალში „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის" ავტორი იოსებ იმედაშვილი.

„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" 1801-1952 ე-ლ, მეორე ტომი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოსაცემად მომზადდა და 2021 წელს დაიბეჭდა. მასში შესულია როგორც ცნობილი, ისე უცნობი ქართველი მოღვაწეების ბიოგრაფიები და ბიბლიოგრაფიული ცნობები, რომლებიც, რომ არა იოსებ იმედაშვილის უდიდესი ძალისხმევით შექმნილი ეს ნაშრომი, არც შემოგვრჩებოდა.

„ამ ჩემს მცირედ ნაშრომს გიძღვნი შენ, ჩემო სამშობლო ქვეყანავ, ახალგაზრდა საქართველოვ, მკვდრეთით აღმდგარო, ძველისაგან წარმოშობილო, საერთაშორისო იდეალებით აღგზნებულო, თვითარსებულო, თავისუფალო და კაცობრიობის საერთო ოჯახის თანასწორო ძმავ!.. შენ, სამშობლოვ ჩემო, რომელიც განბანილ იქნები შურისა და ღვარძლისაგან, იმ საქართველოს, რომლის მთლიანობას აღარ დაგიმხობს წოდებრივი განსხვავება, სქესებრივი უთანასწორობა, კაციჭამიობა, მონობა!.. - წერს იოსებ იმედაშვილი.

ტექსტზე იმუშავა, ხელნაწერი და მისი ვარიანტები შეადარა და ბიბლიოგრაფიები შეავსო ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქეთევან გზირიშვილმა.