ჯანელიძე ალექსანდრე
ჯანელიძე ალექსანდრე ილარიონის ძე - (დ. - 24.X.1888, სოფელი ნიკორწმინდა, რაჭის მაზრ. - გ. 16.I.1975, თბილისი) - ქართველი პედაგოგი, გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
სარჩევი[დამალვა] |
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონა). 1916 წელს კი - ყაზანის უნივერსიტეტი. ალექსანდრე ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1911-1915 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში; 1918-1920 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისში. 1920-1923 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920-1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921-1922 წლებში - პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922-1923 წლებში - ჰალეში ი. ვალთერის ხელმძღვანელობით).
- 1928-1946 წლებში გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგეა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1925-1955 წლებში იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი;
- 1926-1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია;
- 1941-1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე;
- 1951-1955 წლებში აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
- 1941-1972 წლებში აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა. (დოდო ჭუმბურიძე)
ლიტერატურა
- ვ. ზესაშვილი, ქსე, ტ. XI, თბ., 1987;
- გ. ძოწენიძე, ალექანდრე ჯანელიძე, თბ., 1961;
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი