შუშანია ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსი შუშანია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი ბერი, სენაკელი, შუშანია ალექსი - (23.09.1852, ქუთაისის გუბერნია, სენაკის მაზრა, სოფელი ნოქალაქევი, – 18.01.1923, სოფელი მენჯი), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 18/31.01), მღვდელმონაზონი, ასკეტი, ისიქასტი, საეკლესიო მწერალი და პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია).
(მთავარანგელოზთა კუნძულის სავანის არქივი)

დაიბადა აზნაურ ლევან შუშანიას კეთილმორწმუნე ოჯახში. 7 წლისა შეიყვანეს სკოლაში, სადაც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. მძიმე სნეულების გამო იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. გამოჯანმრთელების შემდეგ ალექსი ბერი ქსოვილებით მოვაჭრე მამამ ზუგდიდში თავისთან წაიყვანა დამხმარედ. 1868 წ. მამა გარდაეცვალა დედა, ელენე შავდია, ოთხი უმცროსი და და უმცროსი ძმა ბესარიონი 16 წლის ყმაწვილის იმედად დარჩა.

1869 წ. ალექსი ბერი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც ბიძამისი, სარწმუნოებითა და განათლებით გამორჩეული ისლამ შუშანია, ვაჭრობდა. მის მდიდარ ბიბლიოთეკაში ალექსი ბერი გატაცებით ეცნობოდა სასულიერო შინაარსის წიგნებს. კონსტანტინოპოლში ყოფნისას მის მსოფლმხედველობაში მოხდა დიდი გარდატეხა. იგი არ გაჰყვა სავაჭრო საქმეს, რომელიც თავიდან მისთვის ესოდენ მიმზიდველი იყო და საკმაო წარმატებებსაც აღწევდა. სამშობლოში დაბრუნებამდე ორი თვით ადრე ზეგარდმო ხილვების შედეგად ალექსიმ სამონაზვნო მოღვაწეობის გზა აირჩია. აღუთქვა უფალს, რომ ცხოვრებას მას შესწირავდა. ორი თვის განმავლობაში სულ ორჯერ გამოვიდა ოთახიდან. ეს პერიოდი მან სასულიერო წიგნების კითხვაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნებულ ალექსი ბერს დედამ არჩევანი დაულოცა, რის შემდეგაც სამონაზვნო მოღვაწეობისთვის მზადებას შეუდგა. მან განიზრახა მონასტერში შედგომამდე აღესრულებინა ის სათნოებები, რომელზედაც საუბარია საშინელი სამსჯავროს შესახებ სახარებისეულ იგავში.

წლების განმავლობაში, იგი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა – სამი წელი მჯდომარეს ეძინა, დადიოდა სოფლებში, უვლიდა უპატრონო და მძიმე ავადმყოფებს, მარხავდა უჭირისუფლო მიცვალებულებს, ეხმარებოდა თეკლათის მონასტრის დედებს მძიმე სამუშაოს შესრულებაში, მიდიოდა საპატიმროში და პატიმრებს ურიგებდა თავისსავე შეგროვებულ შეწირულობებს. ალექსი ბერს ამ საქმეში მრავალი მიმდევარი გაუჩნდა. ზოგიერთი მათგანი მას სოფელ-სოფელ დაჰყვებოდა, ზოგიც მონაზვნად მიდიოდა და შტატგარეშე მონასტრებს აარსებდა. ასე დაარსდა დედათა მონასტერი სახარბედიოში (ახლანდ. თეკლათის მონასტერი), მოგვიანებით კი – ალექსი ბერის მიერ დაარსებული სავანე ე.წ. მთავარანგელოზთა კუნძულზე.

1875 წ., მას შემდეგ, რაც ალექსი ბერმა დიდი მარხვა მკაცრ ღვაწლში გაატარა, ნააღდგომევს ეწვია იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელს (ქიქოძეს) და გადასცა წერილობითი აღსარება. მეუფემ დალოცა იგი, უკურთხა ცხოვრების წესი და არჩეული გზა. სავარაუდოდ, იმავე წელს ალექსი ბერი შეუდგა თავისებური სალოსობის ღვაწლს, რისკენაც დიდი ხანი მიისწრაფოდა. ალექსი ბერი მხოლოდ გარეგნული იერითა და სამოსით გამოიყურებოდა სალოსად, საქმით კი იმავეს აკეთებდა და ასკეტური ღვაწლი გაამკაცრა. ამგვარი ღვაწლისთვის მონასტერში დამკვიდრების (1885) შემდეგ აღარასოდეს მიუმართავს.

ერთი წელი ალექსი ბერი სამეგრელოში ცხოვრობდა ცნობილ განდეგილთან, სქემმონაზონ ონისიფორესთან (ფაჩულია), ლოცულობდა მასთან ერთად, სწავლობდა მისგან, ხშირად ესაუბრებოდა სასულიერო საკითხებზე და ცდილობდა, მიებაძა მისი ცხოვრების წესისთვის. ალექსი ბერის მაგალითითა და ზეგარდმო გამოცხადებებით სხვადასხვა დროს მონაზვნებად აღიკვეცნენ მისი დედა, დები – სოფიო და სალომე – და ძმა ბესარიონი, მოგვიანებით კი – ბიძა ისლამიც. მას შემდეგ, რაც ალექსი ბერის დედამ გამოთქვა მონაზვნობის სურვილი, მან სახლი სენაკებად გადააკეთა, ერთ-ერთში კი სამლოცველო მოაწყო. ამ დროიდან მოყოლებული ოჯახი შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას.

მოგზაურობა

დაახლოებით 1878-1880 წწ. მღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ბარკალაია) მიწვევითა და წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ალექსი ბერი მონაზონთა ჯგუფთან ერთად ათონზე გაემგზავრა. მათ შორის იყვნენ თავად მამა ბენედიქტე და ალექსი ბერის სულიერი მოძღვარი, გელათის მონასტრის მღვდელმონაზონი თეოდორე (სქემაში – თეოდოსი) ერისთავი, რომელიც ათონზე დარჩა და იქ სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ათონის მთაზე ალექსი ბერი კალიგრაფიული ხელით იწერდა ძველ ქართულ სასულიერო წიგნებსა და ხელნაწერებს, რისთვისაც იყო კიდეც მიწვეული. ათონზე გამგზავრებამდე განათლების მიღების მიზნით იგი დადიოდა გელათისა და მარტვილის მონასტრებში, რომელთა მდიდარ ბიბლიოთეკებში ეცნობოდა ძველ ქართულ სასულიერო ლიტერატურას და კალიგრაფიული ხელით იწერდა მათ. ალექსი ბერს გადაწერილი აქვს წმ. ბასილი დიდის „ექვსთა დღეთა“, ღირსი ისააკ ასურის, ღირსი იოანე კიბისაღმწერლის თხზულებები, მამათა სწავლებანი, ანუ პატერიკი, გელათის გულანის საგალობლები – ნუსხურით და სხვ. იგი ხშირად სტუმრობდა აგრეთვე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, მდიდარი ბიბლიოთეკის მფლობელის, ნიკო დადიანის ოჯახს, სადაც ეცნობოდა ლიტერატურას და ესაუბრებოდა ამ ფრიად განათლებულ ადამიანს. ათონზე ხუთი თვის მოღვაწეობის შემდეგ ალექსი ბერმა მოილოცა კიევის სიწმინდეები და სამშობლოში დაბრუნდა. მან ფეხით მოიარა აგრეთვე იერუსალიმი და პალესტინის სხვა წმ. ადგილები (იქ მოგზაურობის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, ეს კონსტანტინოპოლში მოგზაურობამდე მოხდა). იერუსალიმში იგი სამუდამოდ დარჩენას აპირებდა, მაგრამ ზეგარდმო გამოცხადებით სამშობლოში დაბრუნება ეუწყა და ოთხი თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

მთავარანგელოზთა კუნძული

1883 წ. ალექსი ბერმა გაყიდა საკუთარი სახლი, მამული და სამონაზვნო ღვაწლის გასაგრძელებლად ოჯახი იმ დროისთვის უკაცრიელ მთავარანგელოზთა კუნძულზე გადაიყვანა. აქ დამკვიდრებისათვის კურთხევის მისაღებად ალექსი ბერმა დედა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსთან გაგზავნა. წმ. გაბრიელმა ურჩია, რომ დედა და სალომე გაეგზავნა იღუმენია ათანასიასთან (სალაყაია), რომელსაც წერილი მისწერა და მათი მიღება სთხოვა (მეორე და სოფიო იქ უკვე რამდენიმე წელი მონაზვნობდა), რაც შესრულდა კიდეც. ალექსი ბერმა რჩევისათვის შემდეგ წერილობით მიმართა თავის სულიერ მოძღვარს, ათონის მთაზე მოღვაწე მღვდელ-სქემმონაზონ თეოდოსის, რომელმაც მას გელათის მონასტერში თავისსავე აშენებულ სენაკში დამკვიდრება შესთავაზა. 1885 წ. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სერაპიონის (ახვლედიანი) თანხმობით, ალექსი მორჩილად დამკვიდრდა გელათის მონასტერში (მანამდე ორი წელი სწავლობდა მარტვილის სას. სასწავლებელში). 1886 წ. ივნისში ხობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ბენიამინის (ჭყონია), თხოვნით მორჩილი ალექსი გადაიყვანეს ხობის მამათა მონასტერში. იმავე წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1886 წ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1888 წ. – მღვდელმონაზვნად.

1890 წ. გულით დაავადებულმა ალექსი ბერმა სამუდამოდ დათხოვნის თაობაზე წერილობით მიმართა ეპისკოპოს გრიგოლს და დროებით სამკურნალოდ თეკლათის დედათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც უკვე რამდენიმე წელი მონაზვნობდნენ მისი დედა და დები. მაგრამ მძიმე სნეულება გაუხანგრძლივდა და ამით შეწუხებულმა ალექსი ბერმა დაიწყო ზრუნვა, რათა მოეძებნა შესაფერისი ადგილი ცხოვრების ბოლო წლების გასატარებლად.

1891 წ. ზეგარდმო გამოცხადებითა და ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით, ალექსი ბერმა დაიწყო სამონაზვნო სენაკის მშენებლობა სოფ. ზემო თეკლათის (ახლანდ. სოფ. მენჯი) მიდამოებში, ქ. სენაკის მახლობლად მდებარე პატარა მთაზე. ხალხი ამ ადგილს მთავარანგელოზთა სალოცავს ან კუნძულს უწოდებდა. აქ იყო ძველი ქვითკირით ნაგები, მთავარანგელოზთა მცირე ტაძარი, რომლის ადგილზე ალექსი ბერმა შემდეგ ახალი ააშენა. მან ეპისკოპოს გრიგოლისგან აქ განმარტოებით ცხოვრების ლოცვა-კურთხევა მიიღო. 1892 წ. 24 ივნისს იგი რამდენიმე მოწაფესთან ერთად დამკვიდრდა ახლად აშენებულ სენაკშთ სადაც ყოველდღე აღასრულებდა წმ. ლიტურგიას და მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. მთავარანგელოზთა სავანე საშტატო მონასტრად არასოდეს ირიცხებოდა. შემოთავაზების მიუხედავად, ალექსი ბერს არავითარი ხარისხი და ჯილდო არ მიუღია, იგი უბრალო სამღვდელო ჯვარსაც კი არ ატარებდა.

ღირსი ალექსი სენაკელი დედასთან,
ძმასთან და დებთან ერთად. (საქ. საპატრ. არქივი)

1898 წ. ალექსი ბერი დაყუდებულის ღვაწლს შეუდგა, რასაც ცხოვრების ბოლომდე ასრულებდა. მლოცველებს მხოლოდ შაბათ–კვირას ხვდებოდა. საზრდოს დღეში ერთხელ იღებდა და ჯვალოს სამოსელს ატარებდა. სენაკში ედგა ხის ჭილოფგადაფარებული სარეცელი, უბრალო მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა კარადა, რომელზედაც ესვენა ათონიდან მისი მოწაფის მიერ გამოგზავნილი ივერიის ღვთისმშობლის ერთადერთი ხატი. მისი საყვარელი ლოცვა იყო იესოს ლოცვა სკვნილზე. ამას იგი ხშირად ასწავლიდა და წერილობით აწვდიდა თავის სულიერ შვილებს. ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე იდებდა ადამიანის სიმაღლის ხის ჯვარს, რომელიც, მისი აზრით, გოლგოთაზე აღმავალ ქრისტესთან აახლოებდა.

1898 წ. გარდაიცვალა მონაზონი ელენე – ალექსი ბერის დედა, ხოლო 1899 წ. – მისი და მონაზონი ევგინე. დაყუდებულ ბერად ყოფნის მიუხედავად, ალექსი ბერი ხშირად ეხმიანებოდა თანამედროვე საზოგადოებრივი და საეკლ. ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. საქართვ. სხვადასხვა კუთხიდან მას აკითხავდნენ მრავალრიცხოვანი სულიერი შვილები, ახალგაზრდები, მათ შორის – სტუდენტები და მრავალი სხვა, რომელთაც სმენოდათ მისი ღვაწლის შესახებ. 1921 წ. მასთან მივიდნენ თბილისელი სტუდენტები და პატრიარქობის მიღება სთხოვეს.

ლიტერატურული საქმიანობა

დაყუდებულობის დროსაც ა.ბ. არ წყვეტდა ლიტერატურულ საქმიანობას. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა ცალკეული ბროშურების სახით, მათგან ბევრი – თბილისელი ვაჭრის, ალექსი ბერის სულიერი შვილის, იოსებ ლეჟავას და ვაჭარ დიმიტრი კაჭარავას (შემდგომში სავანის კეთილმოწესეს, მღვდელ-მონაზონ დოროთეს) დახმარებითა და შემოწირულობებით. ზოგიერთი ნაწარმოები იბეჭდებოდა უფასო გავრცელებისათვის. ალექსი ბერი აქტიურად თანამშრომლობდა ასევე საეკლესიო და საერო პერიოდულ გამოცემებთან („მნყემსი“, „შინაური საქმეები“ და სხვ.). თავის მოწაფეებთან ერთად მას განზრახული ჰქონდა, მოეწყო პატარა სტამბა სულისთვის სარგო ლიტერატურის უსასყიდლო გავრცელებისთვის, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს გეგმები ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, ალექსი ბერმა მჭიდრო კავშირი დაამყარა თავის თბილისელ მოწაფეებთან: მაქსიმე შარაძესთან, ესტატე კერესელიძესა (შემდგომში – ექვთიმე აღმსარებელი) და სპირიდონ ლოსაბერიძესთან. მ. შარაძის ხელმძღვანელობითა და ი. ლეჟავას თანამშრომლობით, მათ თბილისში მოაწყვეს გამომცემლობა და სტამბა. ამ ე.წ. „საძმოს“ ძირითადი მიზანი იყო სასულიერო-ზნეობრივი შინაარსის ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება. თავისი სავანის შემოსავლიდან ა.ბ. შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა უსახსრო სტუდენტებსაც და დამწყებ ღვთისმსახურებსაც როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

სიცოცხლის ბოლო წლები

ალექსი ბერი დაყუდებულის ღვაწლს 1898 წ. შეუდგა, თუმცა უკვე 1895 წლიდან იგი სავანიდან აღარ გამოსულა და აღთქმა დადო, მის სულიერ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თეკლათის დედათა მონასტრის გარდა, სიკვდილამდე არსად გასულიყო, თუმცა ერთხელ იგი იძულებული გახდა და ეს წესი დაარღვია – 1903 წ. საქართველოს იმდროინდელი ეგზარქოსი ალექსი ოპოცკი (1901-1905) დეკანოზ იოანე ვოსტორგოვთან ერთად ეწვია თეკლათის მონასტერს. მათ, იმპერიული პოლიტიკის თანახმად, განზრახული ჰქონდათ სამეგრელოს სკოლებიდან ქართ. ენის სწავლების ამოღება. ამალის თანხლებით ა.ბ. მხარზე თავისი დიდი ხის ჯვრით შეეგება თეკლათის მონასტრისკენ მიმავალ ეგზარქოსს, რომელსაც გადასცა მისივე შედგენილი და იმ ხანებში სენაკის სას. სკოლების ინსპექტორის, იღუმენ დავით კაჭახიძის, მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი წერილი თხოვნით, არ გაეუქმებინათ სკოლებში მშობლიური – ქართული ენა. ხალხში დიდად პატივცემული მოღვაწის ამ საქციელმა დააფიქრა ეგზარქოსი. მან დაამშვიდა ალექსი ბერი, ყოველივე ამას გამონაგონი უწოდა და აღუთქვა, რომ მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა.

1904 წ. გაზაფხულზე (სავარაუდოდ, 17-22 მაისს) თეკლათის დედათა მონასტერში ათონიდან ჩამოაბრძანეს ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის „დაუჭკნობელი ყვავილის“ ასლი. იგი დაწერილი იყო საკუთრივ ამ მონასტრისათვის ათონზე ქართული სავანის კეთილმოწესე მღვდელ-მონაზონ იონას (ხოშტარია) მიერ. საზეიმო წირვის შემდეგ, რომელიც ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) აღავლინა, სიტყვა თავად ალექსი ბერმა წარმოთქვა.

1908 წ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, წმ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე), კურთხევით ალექსი ბერმა დაიწყო ძველი ტაძრის დაშლა და ახლის მშენებლობა. პროექტის ავტორი წარმოშობით იტალიელი და აღმსარებლობით კათოლიკე ი. ჩენდონი იყო, ა.ბ-თან ურთიერთობამ მასზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ იგი მართლმადიდებლად მოექცა. ტაძარი შენდებოდა შემოწირულობებით, რომელთა დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ალექსი ბერის სულიერ შვილს, მღვდელ-მონაზონ დოროთეს (ერობაში დიმიტრი კაჭარავა). მშენებლობა იმავე წელს დასრულდა და ტაძარი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიერ იკურთხა. ამ დროისათვის ალექსი ბერთან ერთად უკვე რამდენიმე მონაზონი იღვწოდა. შემდგომში მთავარანგელოზთა კუნძულზე მოწაფეთა რიცხვმა იმრავლა (დაახლ. 20-30). ზოგიერთს ალექსი ბერი ათონის მთაზე გზავნიდა, ზოგიც შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მსახურობდა და ცნობილი მოღვაწე გახდა. მისი სულიერი შვილები იყვნენ: იოანე აღმსარებელი (მხეიძე), ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე), წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), არქიმანდრიტი შიო (ძიძავა – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოძღვარი), არქიმანდრიტი იოაკიმე (შენგელაია), მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია), მღვდელმონაზონი გრიგოლი (ნადარეიშვილი), სქემმონაზონი გიორგი (ბულისკირია) და სხვ.

დაახლოებით 1917 წ. ოქტ. შემდეგ ალექსი ბერმა მოწაფეები სავანიდან დაითხოვა. მიზეზი იყო მოწაფეთა ნაწილის ურჩობა და თვითნებობა. დამნაშავე მოწაფეების გარდა, უდანაშაულოთა დათხოვნის კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ალექსი ბერის თავმდაბლობა და ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ასახულია მისი სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილ თხზულებაში „ჩემი ბერობის ხანები“. იგი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მას საკუთარი თავი სრულიად უმეცრად და დაცემულად ესახებოდა. თავის თავს სხვათა „კეთილ დამრიგებლად“ ალექსი ბერი ვეღარ მიიჩნევს და აღარ სწამს, რომ სხვათა სულის კურნება შეუძლია. სწორედ იმის გამო, რომ შინაგანად უღირსად და „დაოხრებულად“ რაცხს თავს, საქმითაც „გამოეთხოვა სხვისი ცხონების დაჩემებას“. ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება ყოფილიყო მისი ფიზიკური უძლურებაც (გულის დაავადება), რომელიც რავალი წელი გრძელდებოდა და უარესდებოდა ზოგიერთი მოწაფის უღირსი საქციელის გამო.


ალექსი ბერი განაგრძობდა დაყუდებულის ღვაწლს. მასთან სავანეში თეკლათის მონასტრიდან გადმოსახლდა მისი და მონაზონი სალომე, რომელმაც აქ გარკვეული ხანი დაყო. 1918 წ. იგი გარდაიცვალა და იმავე წელს მთავარანგელოზთა კუნძულზე დაყუდებული მღვდელ-მონაზვნის მოსავლელად თეკლათის მონასტრიდან გადმოსახლდნენ მისი ბიძაშვილები – სქემმონაზვნები, დები – ფავსტო და აკეფსიმე (შუშანიები). დაახლ. 1918 წ. ალექსი ბერმა მოიწყო ახალი სენაკი, რომელიც მან სავანის ტაძრის დასავლეთ კედელს სამრეკლოს გვერდით მიაშენა.

ღირსი მამის სამწერლობო მემკვიდრეობა ადასტურებს მისგან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეის მხარდაჭერას. 1905 წ. გურია-სამეგრელოს ეპარქიის ყრილობაზე გამოითქვა მოსაზრება ავტოკეფალიის აღდგენის სასარგებლოდ და დადგინდა ქართულ ენაზე ბეჭდვითი ორგანოს დაარსება. ამ საქმის ფინანსური დახმარება კრების მონაწილეებს ალექსი ბერმა აღუთქვა. 1917 წ. სექტემბერში მონასტრის საძმოს სახელით მან მისალოცი გაუგზავნა ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქ წმ. კირიონს: „...უსაზღვრო სიხარულით მოგესალმებით და აღფრთოვანებულ გულით გილოცავთ თქვენი წამებრივი ღვაწლის... უსახარულევანესად დაგვირგვინებას: პირველად სამშობლოს მკვდრეთით აღდგენას, მეორედ განაწამებ და ავაზაკებრ განძარცულ ივერიის ეკლესიის განახლებას და თქვენი მეუფების უნეტარესი ღირსებით საჭეთმპყრობელობას“.

ა.ბ. გარდაიცვალა 1923 წ. 18 იანვარს (ძვ. სტ.). ხალხი მას სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდა, ამიტომ სქემმონაზვნებმა – ფავსტომ და აკეფსიმემ – იმის შიშით, რომ საფლავი უღმერთოებს არ წაებილწათ, გადაწყვიტეს, იგი თეკლათის დედათა მონასტრის ეზოში დაეკრძალათ, რადგან იქ მაშინ 70-მდე მონაზონი და მორჩილი მკვიდრობდა. ალექსი ბერი დაკრძალეს ღვთისმშობლის შობის ტაძრის საკურთხევლის წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან. 1960 წ. 5-6 იანვარს, ბათუმელ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის (სიდამონიძე), ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერის ნეშტი გადაასვენეს მთავარანგელოზთა კუნძულის სავანეში და 9 იანვარს ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს. თვითმხილველთა გადმოცემით, ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ ჰქონდა თავისი ფერი დაკარგული. გადასვენების შემდეგ ძველ საფლავში ნეშტის მცირე ნაწილი დატოვეს.

1995 წ. 18 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ბერი ალექსი შუშანია შერაცხილ იქნა წმინდანად. 1999 წ. წმ. ბერის საფლავი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერის საფლავზე აიგო მცირე ბაზილიკური ტაძარი, რომელიც 2000 წ. იკურთხა. ალექსი ბერის სულიერებასა და სინმინდეზე მოწმობს ეპიტაფია საფლავის ქვაზე, რომლის ტექსტიც მან თავად შეადგინა და დატოვა წერილობითი ანდერძის სახით: „...ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე. ალექსი ბერი“.

იმ დროს, როდესაც ღვთისმგმობელმა ხელისუფლებამ დაიწყო ეკლესიის დევნა, ალექსი ბერის სულიერი გზა, ძვ. დროის მოღვაწეთა მსგავსად, გახდა ნიმუში XX ს. ქართული ეკლესიის აღმსარებელთათვის. ღირსი მამა მრავალი პროზაული და პოეტური თხზულების ავტორია. მისი ნაწარმოებების თემატიკა მრავალფეროვნებითა და აქტუალობით გამოირჩევა: სამონაზვნო სწავლებანი, სამოძღვრო-ზნეობრივი შეგონებები, ბიოგრაფიული, პუბლიცისტური, პოლემიკური, ფილოსოფიური, ანთროპოლოგიური, აპოლოგეტური და სხვა ხასიათის თხზულებები, წერილები და ა.შ.

გამოქვეყნებულ თხზთა შორის აღსანიშნავია: „მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის“, წერილები სხვადასხვა პირისადმი (მიმოწერა ივანე გომართელთან, თედო ჟორდანიასთან, ალექსი მესხიასთან და სხვ.), „ცხოვრება ღირსისა მამისა სქემმონაზონ ონისიფორე მარტომყოფ მეუდაბნოელისა“, „ჩემი ბერობის ხანები“, „კურთხეულნო ღმრთისანო, მამანო და ერნო“, „წერილი 1917 წ. მონაზონთა კრებისადმი“.

იმდროინდელ გამოჩენილ მოღვაწეთა შორის ალექსი ბერის დიდ ავტორიტეტს ადასტურებს წმ. ამბროსის წერილი, მიძღვნილი ღირსი ალექსისადმი: „დიდად პატივცემულო, მაღალღირსო მამაო ალექსი! დიდ მადლობას გწირავთ მოლოცვისათვის. ღვთის განგებამ დამაკისრა დიდი ჯვარის ტარება, იმნაირი ჯვარისა, რომელიც ჩემთვის მეტად მძიმეა და, მაშასადამე, მეტად ვსაჭიროებ თქვენ წმ. ლოცვას. იმედი მაქვს ის შემიმსუბუქებს ტვირთს და გაანაყოფიერებს ჩემს შრომას. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ და დევნული სარწმუნოების გასამაგრებლად გილოცავთ დღესასწაულებს. თქვენი მაღალი ღირსების მსასოებელი კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი. 1 იანვარი (ძველით) 1922 წ.“.

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

ლიტერატურა

  • იღუმენია ფავსტო და სქემმონ. აკეფსიმა შუშანიები, სენაკი, 2004;
  • ნათელი ქრისტესი საქართველო, 2, თბ., 2006;
  • ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე, თბ., 2006;
  • შიო (მუჯირი) მიტრ., დიდი ქართველი მოძღვარი ათონზე და მისი სულიერი მოწაფეები ქ. სენაკში, სენაკი, 2014;
  • მისივე, თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან, სენაკი, 2014;
  • წმ. ალექსი ბერი (შუშანია), ლექსები, სენაკი, 2003;
  • ნმ. ალექსი ბერის მოძღვრებანი, თბ., Архим. Рафаил Карелин, на пути из времени в вечность, Саратов., 2008;
  • Натроев А., Иверский монастырь на Афоне, въ Турции, на одном из выступов Халкидонского полуострова, Тфл., 1910.


Logo1.JPG ალექსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები