ამიანე მარცელინუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამიანე მარცელინე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიანე მარცელინუსი - (ლათ. Ammianus Marcellinus, დ. დაახლ. 330 – გ. დაახლ. 400 წ.), ძველი რომაელი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია

ამიანე მარცელინუსის შესახებ პირდაპირი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება და მისი ცხოვრების აღწერა შესაძლებელი ხდება მისივე თხზულებიდან. იგი დაბადებულა დაახლოებით 330 წელს ქალაქ ანტიოქიაში წარჩინებული ბერძნის ოჯახში. მაშინდელი ანტიოქია კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების თვალსაჩინო ცენტრს წარმოადგენდა აზიაში. ამ ქალაქიდან არიან, სხვათა შორის, IV საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსი და რიტორი ლიბანიოსი, აგრეთვე იოანე ოქროპირი. ამიანეს კარგი განათლება მიუღია. იგი ახალგაზრდა შესულა სამხედრო სამსახურში და როგორც წარჩინებულის შვილი, მიუღიათ საიმპერატორო გვარდიაში. რამდენიმე წელი მსახურობდა აღმოსავლეთის ჯარის მთავარსარდალ ურცინიუსის არმიაში და მასთან ერთად მოიარა რამდენიმე ქვეყანა, იღებდა მონაწილეობას სპარსელებთან ომში. 353- 363 წლებში ამიანე მარცელინუსი ხან ნიზიბინშია, ხან ანტიოქიაში, ხან გალიაში. 363 წელს იგი იმპერატორ იულიანეს ახლდა სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში და დაესწრო მის სიკვდილს. 363- 378 წლები ამიანეს მშობლიურ ანტიოქიაში უნდა ჰქონდეს გატარებული. ამავე წლებში მას უმოგზაურია ეგვიპტესა და საბერძნეთში.

ამიანეს გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის. უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით დადგენილია, რომ მას თავისი ნაშრომი 392- 393 წლების ზამთარში დაუმთავრებია. მაშასადამე, ამ დროს იგი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამისდა მიხედვით, მის გარდაცვალებას ვარაუდობენ დაახლოებით 400 წლისთვის.

შემოქმედება

ამიანე მარცელინუსი, თუმცა ბერძენი იყო, თავის თხზულება დაწერა, ლათინურ ენაზე. ჩანს ამ გარემოებამ განაპირობა მისი შრომის სიმძიმე, ზოგჯერ ბუნდოვანი სტილი. იგი აზროვნებს ბერძნულად და მისი სტილის ბუნდოვანება აიხსნება ტიპური ბერძნული გამოთქმებისა და კონსტრუქციების ლათინურად უხეირო თარგმანით. ამიანეს რიტორიკულ სკოლაში შეთვისებული ჰქონდა მაღალფარდოვანი, თავისთავად ბუნდოვანი სტილი, რაც გართულებულია მის შრომაში სიტყვების ხელოვნური განლაგებით, ფრაზის რიტმული აღნაგობა რომ ჰქონდა მიზნად.

მიანე მარცელინუსმა დაგვიტოვა ისტორიული ნაშრომი, სახელწოდებით „Res gestae“, რასაც ჩვეულებრივ, თარგმნიან როგორც „ისტორიას“. შრომა შეიცავს რომის ისტორიას, მოკიდებული ნერვადან, ვალენტის გარდაცვალებამდე (96-378 წწ.).

ამიანე ცხოვრობდა იმ დროს, როცა რომი სულს ღაფავდა ბარბაროსებთან ბრძოლაში და, როგორც ამ ბრძოლების უშუალო მონაწილემ, თავის თხზულებაში გადმოსცა დაწვრილებითი და ზუსტი სურათი რომის სახელმწიფოს ცხოვრებისა, დაუთმო რა მთავარი ყურადღება საგარეო მოვლენებს, აგრეთვე იმპერატორებისა და სახელმწიფო მოღვაწეთა საქმიანობას.

ამიანე მარცელინეს შრომა დაწერილი ყოფილა 31 წიგნად, ამათგან დაკარგულია პირველი 13 წიგნი. ჩვენამდე მოაღწია XIV--XXXI წიგნებმა, რომლებშიც მოთხრობილია 353-378 წლების ამბები. შრომაში ხშირად არის ლაპარაკი ავტორის დროინდელ ამბებზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი თავის თხზულებას დიდი ხნის განმავლობაში წერდა და იგი IV საუკუნის დამლევს უნდა იყოს დამთავრებული. იგი ძირითადად თანამედროვე ამბებს გადმოგვცემს და ის გარემოება, რომ ამიანე მოთხრობილი ამბების უმეტესობის მომსწრე და თვითმხილველია, მის მონათხრობს ნაკლებად ობიექტურს ხდის, რადგან პირადი განწყობილება ვერ იქნებოდა მთლიანად დაძლეული ფაქტების შერჩევა-გადმოცემაში, აკი თვითონვე აღიარებს, რომ უმთავრესად იმ ამბებს აღწერს, რომელთაც, მისი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მაგრამ სხვა მხრივ იგივე მოვლენა ანიჭებს ამიანეს შრომას ღირებულებას, რის შედეგადაც მისი თხზულება გვიანდელი იმპერიის ისტორიკოსისათვის ფრიად ძვირფას წყაროს წარმოადგენს.

ამიანე ჰკიცხავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისტორიაში გასართობ ამბავთა გროვას ხედავენ, ისტორიკოსის ძირითადი მიზანია ჭეშმარიტება. თავის შრომის ბოლოში იგი დასძენს: „მე ჩემს შრომაში პირობა დავდე, რომ გადმომეცა ჭეშმარიტება და მგონია, რომ ამ პირობისათვის შეგნებულად არსად მიღალატია წაყრუებითა თუ სიყალბის მოთხრობით“.

ამიანე მარცელიანეს, საერთოდ ობიექტურ მწერლად თვლიან და ამ მხრივ, ტაციტუსზე მაღლა აყენებენ. თითქმის ყველა მკვლევრის აღიარებით „იგი დიდ პირუთვნელობას და მოსაწონ პირდაპირობას იჩენს“.

ამიანე მარცელინეს თავის თხზულებაში დაცული აქვს საქართველოს შესახებ როგორც ისტორიული, ისე გეოგრაფიული ხასიათის არაერთი ძვირფასი ცნობა. ეს ცნობები ამდიდრებს საქართველოს ისტორიის წყაროებს, ზოგჯერ აზუსტებს ცნობილ ამბებს, ზოგ შემთხვევაში კი გადმოგვცემს ახალ მასალას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები