ტარკოვსკი ანდრეი
ანდრეი ტარკოვსკი – (დ. 04.04.1932, ივანოვოს მხარის სოფ. ზავრაჟიე, სსრკ – გ. 29.12.1986, პარიზი, საფრანგეთი) – გამოჩენილი საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი.
1960 წელს დაამთავრა ვგიკ-ი მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით (მიხაილ რომის სახელოსნო). მისი სადიპლომო ფილმი „საციგურაო მოედანი და ვიოლინო“ ნიუიორკის სტუდენტური ფილმების ფესტივალზე 1961 წელს პირველი პრიზით დაჯილდოვდა.
უკვე პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „ივანეს ბავშვობა“ მსოფლიო სახელი მოუხვეჭა მას. ფილმი დაჯილდოვდა ბევრი პრესტიჟული კინემატოგრაფიული პრემიით, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის „წმინდა მარკოზის ოქროს ლომით“.
შემდგომში ტარკოვსკის ყველა ფილმი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქვეყნის კულტურ ცხოვრებაში. თავის ყველა ფილმში რეჟისორი ისწრაფვოდა მიახლოვებოდა ზნეობრივ იდეალებს. მისი „ანდრეი რუბლიოვი“ კინოს ისტორიის 100 საუკეთესო ფილმშია შესული.
1982 წელს რეჟისორი იტალიაში გაემგზავრა და სიკვდილამდე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ემიგრაციაში გადაიღო თავისი უკანასკნელი სურათები „ნოსტალგია“ და „მსხვერპლად შეწირვა“.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1960 – „საციგურაო მოედანი და ვიოლინო“ (ნიუ-იორკის სტუდენტური ფილმების ფესტივალის პირველი პრიზი)
- 1962 – „ივანეს ბავშვობა“ (ვენეციის სკფ მთავარი პრიზი „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი“; სან-ფრანცისკოს სკფ მთავარი პრემია „ოქროს კარიბჭე“; აკაპულკოს სკფ მთავარი პრემია „პალენკეს ოქროს თავი“)
- 1966 – „ანდრეი რუბლიოვი“ (1969 წ. კანის სკფ ფიპრესის პრემია)
- 1973 – „სოლიარისი“ (კანის სკფ ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის პალმის რტო“, ეკუმენისტური ჟიურის პრემია)
- 1975 – „სარკე“ (1980 წ. „დავიდ დონატელოს“ პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის)
- 1980 – „სტალკერი“ (ტრიესტეს სკფ კრიტიკის პრემია; ფიპრესის პრემია მადრიდის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების ფესტივალზე)
- 1983 – „ნოსტალგია“ (კანის სკფ დიდი პრიზი შემოქმედებისთვის, ფიპრესის პრემია, ეკუმენისტური ჟიურის პრემია)
- 1986 – „მსხვერპლად შეწირვა“ (კანის სკფ დიდი სპეციალური პრემია, ფიპრესის პრემია, ეკუმენისტური ჟიურის პრემია, საუკეთესო მხატვრული მიღწევისთვის პრიზი ფილმის ოპერატორს სვენ ნიუქვისტს; ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი BAFTA საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
და სხვ.