აბელიშვილი ანტონინა
აბელიშვილი ანტონინა პეტრეს ასული (დ. 1 მარტი, 1891 – გ. 1943) – მსახიობი, ჭარაშვილის ასული, კახეთის სოფ. ბაკურციხიდან. სწავლა-განათლება მიიღო თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში და ქალთა მე-3 გიმნაზიაში; შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
1911 წელს სახალხო სახლის სცენაზე „ტაინი სოვეტნიკის სიზმარში“ გამოვიდა. აქ სამი წელი იმუშავა. 1916-1917 წლებში მოსკოვის დრამატულ კურსებზე სწავლობდა. 1917 წელს ტფილისის რუსულ დრამატულ დასში (არტო) შევიდა, სადაც 5 წელი დაჰყო; 1921 წელს კი, ქართულ დრამატულ დასში ჩაირიცხა.
უმთავრესად დრამატულ როლებს ასრულებდა: ტატიანა („მდაბიონი“), მერცია („ახალი ქვეყანა“); ივდითი („ურიელ აკოსტა“), ბლანკა („მეფის დალაქი“), ელიზა („ბიძია თომას ქოხი“), გიზა („მასხარა ტახტზე“), დეზდემონა („ოტელო“), ელექტრა („დღენი ჩვენი ცხოვრებისა“) და სხვ.
დროგამოშვებით ჟურნალ-გაზეთებში ხელოვნების შესახებ წერილებს ათავსებდა.
წყარო
ავტობიოგრაფია