არიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არიოზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიოსი – (Ἄρειος, Arius),(250/256-336) – III–IV საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე, თეოლოგი ალექსანდრიიდან, არიანიზმის ფუძემდებელი.

არიოსი დაიბადა დღევანდელი ლიბიის ტერიტორიაზე, დაბადების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა(250/256). განათლება მიიღო ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ ალექსანდრიაში, სადაც გახდა მღვდელი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეოლოგი თავის დროში და აქტიურად მოღვაწეობდა ქრისტიანული ეკლესიის შიდა დისკუსიებში, რომელიც ეხებოდა სამების დოგმატსა და ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს. არიოსის მოძღვრების მთავარი თემა იყო მამა ღმერთის და იესო ქრისტეს (ძის) ურთიერთობის ბუნება. მისი მოძღვრების თანახმად:

● ქრისტე არ არის თანასწორი მამასთან, რადგან ის ქმნილებაა.
● ქრისტეს, მიუხედავად მისი ღვთაებრიობისა, ჰქონდა დასაბამი და იგი არ იყო მარადიული.

არიოსი ეყრდნობოდა იმას, რომ ქრისტე „შობილ იქნა“ და არ არის „დაუბადებელი“, ანუ ის არაა იმავე ბუნების, როგორც მამა ღმერთი, შესაბამისად თეზა „ἦν ποτε ὅτε οὐκ ἦν“ (იყო დრო, როდესაც არ იყო) და მისი თეოლოგიური იმპლიკაციები გახდა ქრისტოლოგიური დებატების მთავარი საკითხი ნიკეის საეკლესიო კრებაზე და მის შემდგომაც. ის იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არიოსი დაგმეს ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს.

ერმია სოზომენეს (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მიხედვით, არიოსი იყო სწავლული დიალექტიკოსი, მჭევრმეტყველი მოქადაგე, მაღალი, გამხდარი ხუცესი, უბრალო ასკეტური სამოსით, დარბაისლური და მკაცრი საქციელით. იგი თავისი მრავალრიცხოვანი მრევლიდან ბევრმა, განსაკუთრებით ქალებმა, კერპად გაიხადა. ფილოსტორგიოსის (Φιλοστόργιος, Philostorgius) ცნობების მიხედვით არიოსი მსახურობდა ეკლესიაში, რომელიც ატარებდა სახელს - βανkαλιζ (ვიწროყელიანი წყლის დასალევი დოქი). ის იყო ლუკიანე ანტიოქიელის (Λουκιανός Αντιοχείας, Lucian of Antioch) ეგზეგეტიკურ-თეოლოგიური სკოლის მიმდევარი. არიოსი ალექსანდრიაში აღმოჩნდა ქრისტიანთა დევნის დროს, იმპერატორ გალერიუსის (Γαλέριος, Galerius) მმართველობის (305-311) პერიოდში. ერმია სოზომენე (Ἑρμείας Σωζομενός, Sozomenus) მას ქრისტიანობისთვის თავდადებულ ადამიანს უწოდებს. გარკვეული პერიოდი ის იყო მელეტი ლიკოპოლელის (Μελέτιος, Meletios) მიმდევარი და მძიმედ კიცხავდა რეპრესიებისა და დევნის შიშით ქრისტეს უარმყოფელებს, რითაც ის დაუპირისპირდა ალექსანდრიის პატრიარქ პეტრე I-ს (Πέτρος Α΄ Αλεξανδρείας, Peter I of Alexandria).

არიოსის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო ალექსანდრიის შემდგომი პატრიარქი ალექსანდრე (Ἀλέξανδρος, Aléxandros). არიოსის მთავარი მოკავშირეები ამ დაპირისპირებაში იყვნენ ევსევი კესარიელი (Εὐσέβιος τῆς Καισαρείας, Eusebius of Caesarea) და ევსევი ნიკომედიელი (Ευσέβιος ο Νικομηδείας, Eusebius of Nicomedia).

325 წელს იმპერატორ კონსტანტინე I -ის (Constantine the Great) მოწვევით ჩატარდა მსოფლიოს I საეკლესიო კრება, სადაც არიოზი და მისი მომხრეები განკვეთილ იქნა ეკლესიის წიაღიდან, ხოლო არიანელობა გამოცხადდა მწვალებლობად. საეკლესიო კრების ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია იმპერატორის პირდაპირმა ჩარევამ არიოსის წინააღმდეგ. არიანიზმის დამცველებს დაუპირისპირდა ევსევი კესარიელიც.

ალექსანდრე ალექსანდრიელის გარდაცვალების (326) შემდეგ არიანიზმთან დაპირისპირება შერბილდა. 335 წელს კი იერუსალიმის კრებაზე არიოსი სხვა მრავალ თანამოაზრესთან ერთად შეიწყალეს და ბრალდებები მოუხსნეს. 336 წელს კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გზაზე 80-ს გადაცილებული არიოსი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ერთი ვერსიის თანახმად - მოწამლეს. არიოსის გარდაცვალების შემდეგ არიანული მოძღვრების გავრცელება არ შეწყვეტილა და დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იყო.


ლიტერატურა

● ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ 1963.
● ბ. არახამია, არიანელობა IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში, თბ 2006.
● The Oxford Dictionary of Byzantium, ed by G.W. Kazhdan, New York – Oxford, 1991
● Arianism // Catholic Encyclopedia
● Encyclopædia Britannica, Inc


წყარო

● მოამზადა ლაშა გოგეშვილმა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები