სულაკაური არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არჩილ სულაკაური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ სულაკაური

სულაკაური არჩილ – (1927 – 1997), მწერალი − პოეტი და პროზაიკოსი, წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი (1971-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის, ხალხთა მეგობრობის ორდენის, ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

დაიბადა 1927 წელს თბილისში, კინოდრამატურგის ოჯახში, ლექსებს წერს ბავშვობიდან. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო უნივერსიტეტის სტუდენტური ლიტერატურული გაერთიანების აქტიური წევრი, ყურადღება მიიპყრო ამავე გაერთიანების ალმანახ „პირველ სხივში“ გამოქვეყნებული ლექსებით. პირველი პოეტური კრებული გამოსცა 1951 წელს. გამოქვეყნებული აქვს ლექსებისა და პოემების მრავალი კრებული. სარედაქციო მუშაობის დიდი სკოლა გაიარა ჟურნალ „მნათობში“ სიმონ ჩიქოვანის რედაქტორობის დროს 1957-1960 წლებში.

1957 წელს არჩილ სულაკაური აქვეყნებს თავის პირველ მოთხრობას „ტალღები ნაპირებისაკენ მიისწრაფიან“ და, ამ ხნიდან დაწყებული, იგი უპირატესად პროზის ჟანრში მუშაობს, თუმცა პოეზია ხშირად შეახსენებს თავს, რისი შედეგიცაა დროდადრო ახალ-ახალი პოეტური კრებულები.

არჩილ სულაკაურის მთავარ ნაწარმოებთა რიგს ეკუთვნიან ლექსები: „მამული“, „მხოლოდ ერთხელ“, „გოდება“, „მე და შენ“, „ჯვარცმა“, „მინოტავრი“,„სიჩუმე“, „ლექსები“. პროზაული ნაწარმოებნი: „ჩუღურეთული მოთხრობები“, „ლუკა“, „თეთრი ცხენი“, „თბილისური ჩანახატები“, საყმაწვილო ზღაპრები „ცისფერი ირემი“ და „სალამურას თავგადასავალი“.

1971 წელს არჩილ სამსონის ძე სულაკაურს საყმაწვილო ზღაპრისათვის „სალამურას თავგადასავალი“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები