სკლიაროსი ბარდა
ბარდა სკლიაროსი, (სკლეროსი) – (ბერძ. Βάρδας Σκλήρος, გ. 991), ბიზანტიის თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მცირეაზიური პროვინციული არისტოკრატიის წარმომადგენელი, პატრიკიოსი.
აქტიურად იბრძოდა მაკედონელთა დინასტიის დასამხობად, 976-979 მოაწყო აჯანყება მცირეწლოვანი იმპერატორების წინააღმდეგ. სკლიაროსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმიერტაოს მმართველის დავით III კურაპალატის ლაშქარმა, რომელსაც თორნიკე ერისთავი სარდლობდა, 987-989 ბარდა სკლიაროსმა ხელმეორედ მოინდომა საიმპერატორო ტახტის მიტაცება. ამჯერად დავით კურაპალატმა მხარი აჯანყებულებს დაუჭირა. ბასილი II-მ კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის დახმარებით შეძლო აჯანყების ჩახშობა. დამარცხებული სკლიაროსი იძულებული შეიქნა ბედს შერიგებოდა და იმპერატორისათვის პატიება ეთხოვა.