აკობია ბეგლარ
აკობია ბეგლარ ოტიას ძე (1881 – 18 აპრილი, 1947) – მეგრული ხალხური სიმღერების შემკრები, ანსამბლის შემდგენელი და ხელმძღვანელი, ახალი სიმღერების შემქმნელი, სამეგრელოდან. შეადგინა მეჩონგურე-მომღერალთა ანსამბლი (12 წევრისგან). მეუღლე ქიონიასთან ერთად მრავალი მივიწყებული მეგრული სიმღერა აღადგინა. რითაც ხალხური შემოქმედების ბევრი მარგალიტი სამუდამო დაღუპვას გადაარჩინა. მისი ანსამბლის სიმღერების (100-დე) შინაარსი იყო ძველი და ახალი ყოფა-ცხოვრება, სატრფიალო, შრომის გმირთა დიდება, სამგლოვიარო მოთქმა და სხვ. მეგრულ, სვანურ, აფხაზურ, გურულსა და სხვ. სიმღერებს სრულიად ბუნებრივი ელფერით მღეროდა.
1935 წლის 12 მარტს შ. რუსთაველის სახ. თეატრის საკონცერტო დარბაზში გამართულ ზ. ფალიაშვილის ხსოვნის საღამოზე მეგრული „ზარის“ შესრულებით საერთო მოწონება დაიმსახურა. 1936 წელს მონაწილეობდა რადიოფესტივალში. 1939 წლის 19 მაისს საქართველოს მწერალთა კლუბში განსაკუთრებით მოუწონეს სვანური ჰიმნი; 24 მაისს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და ლიტერატურის მატერიალური კულტურის ინსტიტუტში სიმღერების ბუნებრივი, შეულამაზებელი „კილო-ჰანგებით“ შესრულებით, მცოდნე-მეცნიერთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ასეთი ხალხური ოსტატობით შესრულებულ სიმღერებს „ქართული მუსიკის მეცნიერული შესწავლისათვის“ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს.
ბეგლარ აკობია ოც წელზე მეტ ხანს ემსახურა მშრომელთა მუსიკით აღზრდის საქმეს. მისი ანსამბლი ოლიმპიადებზე ყველგან პირველ ჯილდოს იღებდა.
დაკრძალულია ზუგდიდში, თავისი სახლის ეზოში.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გეგეჭკორი, ლადო. მეგრული ჩონგურის ანსამბლი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 19;
2. Аракишвили, Д. И. – Краткий исторический обзор грузинской музыки. – Тб.: Госиздат Груз., Муз.-лит. сек., 1940. – ст. 65.