მახარობლიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი მახარობლიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მახარობლიძე

მახარობლიძე გიორგი — (1960 − 2017) ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. 1976 წელს დაამთავრა გორის მე-10 საშუალო სკოლა, 1985 წელს კი − გორის ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, იყო გორის მოსწავლეთა სასახლის მეთოდისტი და შემოქმედებითი წრის ხელმძღვანელი. 1989 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის გორის განყოფილების ლიტერატურული კონსულტანტი გახლდათ. იყო გორის ქალაქის საპატიო მოქალაქე. გამოცემული აქვს კრებულები: „აპრილის გამოძახება” და „პეპლის ფრთებზე”.


* * *
განა არ მჯერა იქაც ბინდია,
სული ფათურობს წყვდიად ღამეში.
ვიცი და მაინც გტოვებთ, მივდივარ,
ამ არაფრიდან იმ არაფერში.
არც ცა მეგულვის იქით სხვაფერი,
არც უკეთესის რწმენა მაომებს.
მე მახსოვს, გუშინ კარგად დავთვერი
და ვაგინებდი არარაობებს.
საყვედურებით კვლავაც ამიკლეს,
რომ მცდარი არის ჩემი ნაბიჯი,
ვიცი, მივდივარ მე არსაითკენ
და ხოხვით მიმაქვს სული ნაჯიჯგნი.
არ ვარ ჯიუტი და არც ავყია,
არც იქით წასვლას ვინმე მაქეზებს,
თვითონაც კარგად ვიცი რა ყრია,
ამ სანაგვეში, იმ სანაგვეზეც.
თქვენთან სადამდე უნდა ვდაობდე?
მე ჩემი ბედი ჩემს თავს მივანდე,
ვმოძრაობ, რადგან არ დავჭაობდე,
ვფართხალებ, რომ არ დავხავსიანდე.
ცხრა მთას იქითაც, ვიცი, ბინდია,
სამოთხე მხოლოდ გვხვდება ზღაპრებში,
ვიცი, და მაინც ხოხვით მივდივარ
ამ არაფრიდან − იმ არაფერში.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები