აბაშიძე გრიგოლ (1913-1994)
გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე — (დ. 19 ივლისი (1 აგვისტო), 1914, ზედა რგანი – გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1967-1981), საქართველოს სსრ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების „კომიტეტის თავმჯდომარე (1967-1994), სხვადასხვა დროს ჟურნალების („ნიანგის“, „დროშას“, „მნათობის“ მთავარი რედაქტორი, საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენების კავალერი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1951), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994, სიკვდილას შემდეგ).
დაიბადა 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის მახლობლად, სოფელ ზედა რგანში. გრიგოლ აბაშიძის მამა, გრიგოლ (ჯიბო) აბაშიძე შავი ქვის ცნობილი მრეწველი და ქველმოქმედი იყო. ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, გიორგი ზდანევიჩ-მაიაშვილთან. ჯიბო აბაშიძის ოჯახს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდა ჰაიდარ აბაშიძე, რმლის მეუღლე იმერელი წერეთლების ასული იყო.
ჯიბო და შუშანა აბაშიძეების ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა. ოთხ ძმას შორის გრიგოლი ყველაზე უმცროსი იყო. უფროსი ძმა დავითი 1937 წელს დახვრიტეს, მისი დანაშაული გერმანიაში უმაღლესი საინჟინრო განათლების მიღება და გერმანელი მეუღლე ყოფილა. ჯიბო აბაშიძე პირველად 1927 წელს დააპატიმრეს შედარებით მცირე ხნით, განმეორებით დააპატიმრეს 1937 წელს და ათი წლით გადასახლება მიუსაჯეს. იმავე წელს დახვრიტეს გრიგოლ აბაშიძის ბიძაც — მიხეილ (მიხაკო) აბაშიძე.
1942 წელს აბაშიძეების ოჯახს შეატყობინეს, რომ უფლება ეძლეოდათ, საქართველოში წამოეყვანათ სიკვდილის პირად მყოფი მამა. მამის ჩამოსაყვანად გაემგზავრა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი გრიგოლ აბაშიძე. ომის წლებში ამ ფათერაკებით აღსავსე მგზავრობით აღძრული შთაბეჭდილებები აისახა მოგვიანებით მოთხრობაში „უკანასკნელი სადგური“.
თავდაპირველად გრიგოლ აბაშიძე ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს; გასაბჭოების პირველ წლებში ჭიათურის სასწავლებელში გადაიყვანეს; 1925 წელს სასწავლებელი მიატოვებინეს, რადგან ყოფილი მრეწველის შვილისათვის სწავლის ქირა იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახს მისი გადახდა აღარ შეეძლო. გრიგოლი მამას თბილისში ჩამოჰყავს, სადაც მისი მოწყობა ტექნიკუმში ხერხდება.
1936 წელს გრიგოლ აბაშიძე ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს, შემდეგ კი ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე.
პოეზიამ გრიგოლ აბაშიძე ბავშვობიდანვე გაიტაცა. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ „შავი ქალაქის გაზაფხული“ ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პოეტური გზის დამლოცავები იყვნენ ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რომელიც კიდევაც ენათესავებოდა გრიგოლ აბაშიძის ოჯახს. გრიგოლის ოჯახში შემონახულია ტიციან ტაბიძის ფანქრით დაწერილი ბარათი, რომლითაც იგი რეკომენდაციას უწევს გრიგოლის ერთ-ერთ ნაწარმოებს დასაბეჭდად.
1945 წელს გამოდის გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული სათაურით „დროშები“, ხოლო 1948 წელს ქვეყნდება უფრო მოზრდილი კრებული „ჯაჭვგაუხდელი“, რომელშიც პოეტის საუკეთესო ლირიკული ლექსებია შესული. 1951 წელს ლექსების ციკლისათვის „სამხრეთ საზღვარზე“ და პოემისათვის „ძლევის ქედი“ პოეტს მიენიჭა სტალინური პრემია (შემდგომში სახელმწიფო პრემიად სახელდებული). 50-იან წლებში ქვეყნდება ლექსების ახალი ციკლი „გაზაფხული სანაპიროზე“, შანდორ პეტეფის ლექსების თარგმანთა კრებული, ცალკე წიგნად ისტამბება პეტეფის პოემის „იანოშ რაინდის“ თარგმანი. ეს წლები პოეტური შთაგონებისა და ნაყოფიერების, მნიშვნელოვანი მიღწევების წლებია პოეტისათვის.
1957 წელს წიგნად გამოდის გრიგოლ აბაშიძის პირველი პროზაული ნაწარმოები ― ისტორიული რომანი „ლაშარელა“, რომელიც მანამდე ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა. 60-იანი წლების დასაწყისში ქვეყნდება ლექსების ახალი ციკლი „პირამიდებზე“ და ტრილოგიის („ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“) მეორე წიგნი „დიდი ღამე“. 1968 წელს ქვეყნდება ახალი რომანის „ყორნალის“ პირველი ნაწილი, სადაც ასახულია იმ თაობის ადამიანთა ბედი და ცხოვრების გზა, რომელსაც თავად ეკუთვნოდა მწერალი. 70-იან წლებში იწერება ისტორიული ტრილოგიის მესამე დამამთავრებელი წიგნი „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ და „ყორნალის“ მეორე ნაწილი. გარდა რომანებისა, გრიგოლ აბაშიძე ავტორია მოთხრობების: „უკანასკნელი სადგური“ და „შემოღამება ქვევრში“. მწერლის უკანასკნელი პროზაული ნაწარმოები, რომანი „სამძიმარი“ 1986 წელს გამოქვეყნდა.
გრიგოლ აბაშიძის მთარგმნელობითი მოღვაწეობა არ შემოფარგლულა შანდორ პეტეფის ბრწყინვალე, საყოველთაოდ აღიარებული თარგმანებით, რჩეული თარგმანების მის ტომში შესულია რუმინელი პოეტის მიხაი ემინესკუს, ბულგარელი პოეტის ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის, მიცკევიჩის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებთა თარგმანები, ხოლო ფრანგი პოეტის, პიერ რონსარის ლექსების თარგმანებისათვის 1985 წელს პოეტს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიენიჭა.
მწერალი ავტორია პიესებისა: „ლეგენდა თბილისის დამაარსებლებზე“ და „მოგზაურობა სამ დროში“, თარგმნილი აქვს ჟან ანუის პიესა „ტოროლა“, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა; ავტორია ბავშვების საყვარელი ლექსებისა და პოემების, ესეების კრებულის „წინაპრები და თანამედროვენი“.
მწერლის თხზულებები თარგმნილია რუსულ და ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე, თარგმნილია ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად, ჩეხურად, სლოვაკურად, უნგრულად და სხვა ენებზე.
შემოქმედებითი დატვირთვის მიუხედავად გრიგოლ აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე საზოგადო მოღვაწის სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა; იყო ჟურნალების მთავარი რედაქტორი: „ნიანგის“, შემდეგ „დროშის“ (1951-1961). „მნათობის“ (1961-1967), რედაქტორობდა ანთოლოგიებს, ერთდროულ. გაზეთებს, ცალკეულ. მნიშვნელოვან გამოცემებს, თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს.
გრიგოლს გულითადი მეგობრობა აკავშირებდა ყველა თაობის ქართველ მწერლებთან, შემოქმედების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან და მეცნიერებთან, შემოქმედებითი ურთიერთობა და მეგობრობა ჰქონდა ყოფილი საბჭოთა ხალხებისა და უცხოეთის ლიტერატურის წარმომადგენლებთან; არაერთგზის ყოფილა საბჭოეთის, ევროპის თუ მსოფლიო ლიტერატურული ფორუმების მონაწილე.
გრიგოლ აბაშიძე დიდი ერუდიციის ლიტერატორი და ფართო დიაპაზონის შემოქმედი იყო; ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად პოეზია მუდამ რჩებოდა მის უმთავრეს გატაცებად. რომანიდან რომანამდე, ასაკში შესული, ის კვლავ წარმატებით უბრუნდებოდა თავის უპირველეს საქმეს, რის შედეგადაც პოეტის რჩეულ ლექსთა კრებულები მუდამ ივსებოდა ახალი ელვარე ქმნილებებით. სწორედ სიცოცხლის უკანასკნელ წელიწადს შექმნა გრიგოლმა თავისი ვრცელი ლექსი „არყოფნისაკენ“, ჭეშმარიტი შედევრი, რომლის სახელიც ეწოდა მისი ლექსების უკანასკნელ კრებულს (1994). გრიგოლ აბაშიძე მოესწრო ამ კრებულის გამოცემას, მაგრამ არ მოსწრებია მის წარდგენას რუსთაველის პრემიის მოსაპოვებლად. თავისი რანგისა და იმიჯის, თავისი მწერლური ღირსებისა და ნაყოფიერების წყალობით გრიგოლს დიდი ხნის წინათ შეეძლო მიეღო ყველაზე პრესტიჟული და ქართველი პოეტისათვის ესოდენ სასურველი ეროვნული ჯილდო, მაგრამ მისი მაღალი ზნეობა უფლებას არ აძლევდა მას, საკუთარი გავლენის სფეროში, საკუთარ კომიტეტში, სადაც ის პირველი კაცი იყო, მიეღო ის, რასაც თვითონ ოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე უშურველად ურიგებდა ღირსეულთ…
და მხოლოდ სიკვდილის შემდგომ:
1994 წელს, ლექსების წიგნისათვის „არყოფნისაკენ“ („მერანი“, 1994), გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა 1994 წლის 28 ივლისს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო
- ქართველი პოეტები
- საბჭოთა პოეტები
- ქართველი მწერლები
- საბჭოთა მწერლები
- ქართველი დრამატურგები
- საბჭოთა დრამატურგები
- ქართველი მთარგმნელები
- ქართველი ესეისტები
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- აბაშიძეები