ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)
ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) – ეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში – რამაზ კაპანაძე, დაიბადა 1975 წლის 16 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ხორითში, ვანგერ ვარლამის ძე კაპანაძისა და ნელი ალექსანდრეს ასულ კალანდაძის ოჯახში.
1982-1992 წლებში ქ. ახალციხის საშუალო სკოლაში სწავლობდა.
1993 წელს ჩაირიცხა ქ. ახალციხის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც მოგვიანებით, 2005 წელს დაამთავრა.
1992 წლიდან ეკლესიის მრევლია, მოძღვარი – დეკანოზი ზაქარია ფერაძე.
1992-1995 წლებში ქ. ახალციხის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. პარალელურად, 1993 წლიდან საფარის წმიდა საბა განმწმედელის სახელობის მამათა მონასტრის საბერო მორჩილია.
1994 წლის ოქტომბერში მორჩილის კაბით შემოსეს.
1995 წლის 16 დეკემბერს იღუმენმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერად აღკვეცა და სახელად დიმიტრი უწოდა.
1996 წლის 10 მარტს ახალციხის წმიდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხის მთავარეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) დიაკვნად აკურთხა.
1996 წლის ნოემბერში ბოდბის ეპარქიაში გადაიყვანეს.
1997 წლის 12 იანვარს ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1997-1998 წლებში ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიასა და ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში მსახურობდა.
1998 წლის 4 აპრილს ახალციხის ეპარქიაში გადაიყვანეს და აბასთუმნის წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად დანიშნეს.
1998 წლიდან ქ. ახალციხის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.
2002 წლის 11 ნოემბერს ოქროს ჯვრითა და ენქერით დააჯილდოვეს და იღუმენის წოდება მიანიჭეს.
2002 წლიდან დაადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლაში რელიგიის ისტორიასა და კულტურას ასწავლიდა.
2002 წლის 11 ნოემბერს ჭულევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
2008 წლის 30 ივნისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.
2013 წლის 11 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს.
2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
2015 წლის იანვრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)