ამაშუკელი ელგუჯა
ელგუჯა ამაშუკელი − (დ. 22 ივნისი, 1928, თბილისი ― გ. 16 მარტი, 2002), საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1995), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი, „ქართვლის დედის“, „ვახტანგ გორგასალის“, „დედაენის“, „დავით აღმაშენებლის“ და საქართველოში დადგმული სხვა არა ერთი ქანდაკების ავტორი, „საპატიო ნიშნის“, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენების კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატთაგანი.
დაიბადა თბილისში 1928 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ 1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე; აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იმავე აკადემიის ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასალის ძეგლის პროექტი.
1958 წელს ელგუჯა ამაშუკელი მონაწილეობს თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასალის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და იღებს პირველ პრემიას; ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.
1965 წელს ქანდაკებისათვის „ქართვლის დედა“ ელგუჯა ამაშუკელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
1969 წელს ელგუჯა ამაშუკელი იმარჯვებს ბულგარეთის სახელმწიფოს დამაარსებლის ხან ასპარუხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მის მიერ შექმნილი ქანდაკება სოფიაში იდგმება.
ელგუჯა ამაშუკელი ავტორია საქართველოში დადგმული არაერთი სხვა ქანდაკების; მონუმენტური ქანდაკებების გარდა აღსანიშნავია მისი რელიეფური კომპოზიციები თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსასვლელებთან, „რუსთაველის“ და „აკაკი წერეთლის“ მეტროპოლიტენის სადგურების მხატვრული გაფორმება, აგრეთვე მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკისა და წიგნის მხატვრობის დარგში, სახვითი ხელოვნების თეორიის სფეროში.
წყარო
- ქართველი მოქანდაკეები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ამაშუკელები