გიორგი ერისთავი (გიგუშა ერისთავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ერისთავი

ერისთავი გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე - (3.X. 1875 - 10.V.1947) - ქართველი ოფიცერი, კავალერისტი. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავის (1834-1912 წწ.) შვილი და გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ერისთავის (1873-1955 წწ.) ძმა. მერი შერვაშიძის მეუღლე.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პაჟთა კორპუსი. 1895 წლიდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში). 1903 წელს დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად, შემდეგ ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკის ადიუტანტად. იყო რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა.

1914 წლის 6 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტებზე. 1916-1917 წლებშიმეთაურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკს.

1917 წლის ოქტომბერში მეთაურობდა გვარდიულ ცალკეულ საკავალერიო ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილ იქნა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტიდან მოსკოვში. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში, განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე გაუქმებულ იქნა და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან). პირველივე შესაძლებლობისთანავე პოლკოვნიკი ერისთავი გაემგზავრა საქართველოში.

1917 წლის ბოლოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა თბილისში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1906 წ.), II (1913 წ.) და II (მახვილებით – 1915 წ.) ხარისხის, წმ. ანას III (1910 წ.), II (მახვილებით – 1914 წ.) და III (1916 წ.) ხარისხის, წმ. ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1914 წ.) და III (მახვილებით – 1916 წ.) ხარისხის ორდენებით. აგრეთვე მიღებული ჰქონდა: საფრანგეთის ,,საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი, იტალიის ,,წმ. მავრიკის და წმ. ლაზარეს“ ორდენის კომანდორის ჯვარი, სპარსეთის ,,ლომისა და მზის“ III ხარისხის (1901 წ.) და ჩერნოგორიის ,,თავად დანიელის“ III ხარისხის ორდენები (1903 წ.).

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. გენერლის წოდებით მეთაურობდა ცხენოსან ნაწილს.

1921 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთთან ომის დროს, ქართულ ნაწილებთან ერთად იხევდა დასავლეთით, ბათუმისკენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სხვა გენერლების მსგავსად დატოვა სამშობლო და წავიდა ემიგრაციაში.

ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში. გარდაიცვალა 1947 წლის 10 მაისს. დაკრძალულია პარიზთან ახლოს, სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები