ალიხანიშვილი ივანე
ალიხანიშვილი ივანე [ვანო] კიტას ძე, იგივე ვანო გურული (1 მაისი, 1882 – 19?? ) – რევოლუციონერი. დაიბადა თბილისში. თბილისის სახელოსნო სკოლის I კლასიდან გამორიცხვის შემდეგ (1894) ბათუმის როტშილდის ქარხანაში ზეინკლის თანაშემწედ მუშაობდა; იმავე დროს, ახლად მოწყობილ არალეგალურ წრეებში მონაწილეობდა. 1894 წლის მიწურულს ნებადაურთველი წიგნებიდან ამონაწერი სააგიტაციო ხელთნაწერებით შეიპყრეს და ბათუმიდან გამოაძევეს. ბათუმიდან გამოძევების შემდეგ თბილისის იარალოვის ქარხანაში მუშაობდა. 1895 წლიდან ტერორისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობისთვის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს, საიდანაც ამხანაგებმა, 1896 წელს, ბიჭის მაგიერ გააპარეს. ციხიდან გაქცეული ბაქოში არალეგალურად ცხოვრობდა. ბაქოდან ისევ თბილისს გადმოვიდა სხვისი სახელით და მუშაობა დეპოს სახარატო განყოფილებაში დაიწყო. 1898 წელს დიდუბეში უბნის უფროსის დაჭრის გამო, სხვებთან ერთად შეიპყრეს და მეტეხის ციხეში ჩაამწყვდიეს, საიდანაც ნაგვის კასრში ჩასმული გააპარეს. გემის მტვირთავ მუშებში გარეული თბილისიდან ოდესაში გაემგზავრა, სადაც ერთი ტერორისტული საქმის გამო საეჭვო პირთა ჩხრეკის დროს შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. ოდესის უბნის უფროსის წყალობით მისი წამების ამბავი რევოლუციონერთა შორის გახმიანდა. ამიტომ, როცა ალიხანიშვილი სატუსაღოში მიჰყავდათ, რევოლუციონერთა ჯგუფმა გზაში გაათავისუფლა და ხალხოსან ხინჩუკის წყალობით სამკურნალოდ ქალთა მონასტერში მოათავსა. განკურნების შემდეგ ამხანაგებმა ლოგს სამუშაოდ გაგზავნეს, სადაც ბრალი პოლონეთის გუბერნატორზე თავდასხმაში დასდეს, შეიპყრეს და როგორც სრულწლოვანი (სხვისი პასპორტის მიხედვით) სისხლის სამართლის კანონით გაასამართლეს, მაგრამ ექსპერტთა წყალობით, რაკი მცირეწლოვანება დაუმტკიცდა, 10 წელი კატორღა გადასახლებით შეუცვალეს და სამარის ციხეში გაგზავნეს, აქედან – იაკუტს, საიდანაც ამერიკაში გადავიდა. მალე ვარშავაში დაბრუნდა და მუშაობა ქარხნებში დაიწყო.
1900 წელს ფინლანდიის გუბერნატორის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის პასუხისგებაში მისცეს, 16 წლის კატორღა მიუსაჯეს, გასაჩივრებისთვის – 8 წელი და შლისცბერგის ციხეში ჩასვეს. აქედან ზერელის საშუალებით გაიპარა 1900 წლის დამლევს და სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა. თბილისიდან ამხანაგების მიერ ერთი საქმის შესასრულებლად ტაშკენტში გაიგზავნა, სადაც შეიპყრეს საზღვარგარეთული სოციალ-დემოკრატების პროკლამაციების და კომუნისტური მანიფესტის გავრცელებაში ბრალდებით და ომსკის გუბერნიაში გადაასახლეს. დაახლოებით 1902 წელს გარე-კახეთში ტერორისტების ჯგუფი შეადგინა. მონაწილეობდა 1905 წლის განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
რევოლუციის შემდეგ გვარდიის შტაბში და სამხედრო სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ეჭირა. მენშევიკური მთავრობის დროს ოპოზიციური მუშაობისთვის, როგორც გადატრიალების განმზრახველი, 4-ჯერ შეიპყრეს. 1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ემიგრაციას საზღვარგარეთ გაჰყვა, სადაც ოპოზიციური მუშაობა განაგრძო – საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგებას და გატანილი ქონებით სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა. საქართველოში 1925 წელს დაბრუნდა.
საერთოდ, სიკვდილით დასჯა 3-ჯერ ჰქონდა მისჯილი, გაროზგეს 14-ჯერ, პასუხისგებაში მისცეს 76-ჯერ.
სტამბოლში დაწერა: „რამ დაგვღუპა და რა გვიხსნის?!” (სტამბოლი, 1922 წ.; მეორედ გამოიცა თბილისში, 1926 წელს).
გამოქვეყნებულია:
- რა ხდება ქართველ თეთრგვარდიელთა ემიგრაციაში: ვანო ალიხანიშვილის განცხადება პარიზის ქართველთა საზოგადოების გამგეობაში: [წერილი გადმობეჭდილია გაზეთ „ახალი საქართველოს“ №6-დან] // კომუნისტი. – 1925. – 27 მაისი. – №119. – გვ. 2;
- რამ დაგვღუპა და რა გვიხსნის // კომუნისტი. – 1925. – 24 თებერვალი. – №45. – გვ. 2-4; 27 თებერვალი. – №47. – გვ. 2; 28 თებერვალი. – №48. – გვ. 2; 1 მარტი. – №49. – გვ. 2. – აღნიშნული სტატია 1926 წელს ამავე სათაურით გამოიცა წიგნად;
- სიმართლე საქართველოს ყოფილი სოციალდემოკრატიული პარტიის, მისი ბელადებისა და ქართველი ემიგრაციის შესახებ // კომუნისტი. – 1925. – 11 ოქტომბერი. – №234. – გვ. 2-3; 13 ოქტომბერი. – №235. – გვ. 2-3;
- ღია წერილი ირაკლი გიორგის ძე წერეთელს: მენშევიკების საზღვარგარეთელი ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის საყურადღებოდ: [მენშევიკურ ემიგრაციის შინაური ბრძოლის დახასიათება] // კომუნისტი. – 1925. – 4 ოქტომბერი. – №228. – გვ. 3-4.