ვასთირჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასგერგი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასთირჯი ირ., ვასგერგი დიგ. (ოს. Уастырджи, Уасгерги – „წმ. გიორგი“) – ოსური პანთეონის ყველაზე თაყვანსაცემი და პოპულარული ღვთაება, შუამავალი ადამიანებსა და ღმერთს შორის; არის მამაკაცთა (ლაგთი ძუარი – „მამაკაცების ღვთაება“. ასე უწოდებდნენ მას ოსი ქალები, რომლებსაც ეკრძალებოდათ ვასთირჯის სახელის წარმოთქმა), მგზავრთა, მეომართა, უქონელთა და ავადმყოფთა მფარველი, აგრარული ფუნქციის მატარებელი ღვთაება (ადამიანებს ზეციდან ჩამოუტანა კავი და ასწავლა ხვნა); წარმოდგენილი ჰყავთ, როგორც თეთრნაბადმოსხმული და თეთრ ცხენზე ამხედრებული მეომარი (შდრ. წმ. გიორგის ქრისტიანული იკონოგრაფია).

ვასთირჯის ეპითეტებია: „თვალცეცხლოვანი“ (цæхæрцæст), „ქველი“ (хъæбатыр), „ძლიერი“ (тыхджын) და სხვ. ვასთირჯის ასეთმა პოპულარობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მთელს ოსეთში ყველაზე მეტი და ყველაზე ცნობილი სალოცავები სწორედ მის სახელთან არიან დაკავშირებულნი. წარსულში ძალზე იშვიათი იყო სოფელი, რომელსაც არ ჰქონდა „ვასთირჯი ქუვანდონი“ (წმ. გიორგის სალოცავი). მისი სალოცავები მდებარეობდა მგზავრთათვის ყველაზე საშიშ გზებზე და უღელტეხილებზე. ვასთირჯის სახელობის განთქმული სალოცავები იყო „რექომი“ ალაგირის ხეობაში, „ძივღისი ძუარი“ ქურთათის ხეობაში, „სტირ ხოხი ძუარი“ ნარის ხეობაში და სხვ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს კარპატებში ფრონტზე მყოფმა ოსმა მეომრებმა ავსტრიელებზე გამარჯვების მიზნით ვასთირჯის პატივსაცემად სალოცავი მოაწყვეს. ვასთირჯის სახელობის დღეობა ყოველწლიურად ნოემბრის თვეში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრების შემდეგ აღინიშნებოდა.

ვასთირჯი ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟია. იგი ითვლება სახელოვანი ნართი ქალის, ნართების მთავარი დიასახლისის – სათანას მამად; არის ნართების ხშირი სტუმარი, მონაწილეობს მათ ლაშქრობებსა და ნადიმებში.

ზოგიერთი მკვლევარი ვასთირჯის სახეში მზის ღვთაების არქეტიპს ხედავს.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. II. М., 1882;
  • მისივე, Отголоски кавказских верований на могильных памятниках. Вып. III. М., 1983;
  • Абаев В. И. Избранные труды. Т. IV. Владикавказ, 1990;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Газданова В. С. Образ Уастырджи в религиозно-мифологических представлениях осетин // Дарьял. 1998. № 3;
  • О. Каммарзати. Дуальный культ // Дарьял. 1999. № 4;
  • Бекоев В. И. Христианизированное Божество Уастырджи в образной системе мифологической поэзии осетин // ИРГПУ. Вып. 47, т. 9, 2007;
  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийкие Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012;
  • Дзидзоев В. Известное и неизвестное в этнографии и мифологии осетин. Что общего и отличительного Уастырджы-Уасгерги и святого Георгия? // Дарьял. 2012. № 3;
  • Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Таказов М. Ф. Архетипы солнца в осетинской мифологии // Фундаментальное исследование. Вып. № 10-11/2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები