ბაქრაძე ვლადიმერ
ვლადიმერ (ლადო) ბაქრაძე – (1884-1953) – ქართველი სოციალ-დემოკრატი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა ოდესის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჟენევიდან დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ბაქოში, სადაც მუშაობდა მასწავლებლად და ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ქართულ კოლონიას. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრუნდება ტფილისში. 1920 წელს შეყვანილ იქნა როგორც პოლიტიკური მრჩეველი პოლონეთში ქართული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში. 1921-1923 წლებში – ბერლინში ქართული ლეგაციის ეკონომიკური მრჩეველი. ემიგრაციის შემდგომ პერიოდში ცხოვრობდა სოშო-ოდენკურში (საფრანგეთი).