ძირულის მასივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზემო იმერეთის პლატო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო იმერეთის პლატო – ამიერკავკასიის შუალედი მასივის შვერილი. მდებარეობს საქართველოში, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

მთათაშორისი ბარის ზონაში ყველაზე მეტი გეომორფოლოგიური ინდივიდუალობით ზემო იმერეთის პლატო გამოირჩევა, რომელიც გეოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია „ძირულის მასივის“ სახელწოდებით; იგი საქართველოს ბელტის ფუნდამენტის აზევებული და გაშიშვლებული ნაწილია. აქაურ რელიეფში მკაფიოდ გამოიყოფა ერთი მხრივ, ე.წ. „სტრუქტურული პლატო“, რომელიც მოიცავს ზემო იმერეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს (მდ. ყვირილა-ძირულის წყალშუეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნახევარს) და აგებულია თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებული ზედაცარცული და მასზე ახალგაზრდა კაინოზოური ნალექებისაგან, ხოლო მეორე მხრივ, „ძირულის დენუდაციური პლატო“, რომელიც მოიცავს აღნიშნული მასივის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს; მასში შედის ლიხისა და გედსამანიის ქედები, ძირულის ხეობის ზემო დინება, ყვირილა-ძირულის წყალშუეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, მდ..ჩხერიმელასა და ძირულის ხეობების ქვემო მონაკვეთები.

ზემო იმერეთის პლატო ერთი მხრივ, ერთმანეთისაგან გამოჰყოფს კოლხეთისა და ივერიის მთათაშორისულ დეპრესიებს, ხოლო, მეორე მხრივ, ოროგრაფიულად ერთმანეთთან აკავშირებს კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ნაოჭამთიან სისტემებს. ზემო იმერეთის რელიეფის ინდივიდუალობა იმაში მდგომარეობს, რომ მთელ საქართველოში მხოლოდ აქ გვაქვს შემორჩენილი მნიშვნელოვან სიმაღლეებზე აზევებული ძალიან ძველი დენუდაციური და სტრუქტურული, პლატოსებური ზედაპირები, თანაც ამგები შრეების მშვიდი, დაურღვეველი წოლით; პალეოზოური დანაოჭების შემდეგ, როგორც ეს დამაჯერებლად ცხადყო ლ.მარუაშვილმა (1970), აქ ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან მოძრაობებს, რამაც განაპირობა ზემო იმერეთის პლატოხე შედარებით ახალგაზრდა ნალექების დაუნაოჭებლობა და პენეპლენიზებული ზედაპირების სახით შემონახვა.

ძირულის დენუდაციური პლატოს გავრცელების არეალში აბსოლუტური ნიშნულები 1500 მ-მდეა, ხოლო რელიეფის დანაწევრების სიღრმე 800-1000 მ-მდე, რაც აქაურ ვაკე-ზედაპირებს მთიანი რელიეფის ელფერს ანიჭებს. ქედთა თხემების თითქმის თანაბარი აბსოლუტური ნიშნულები რეგიონის ძლიერი პენეპლენიზაციის შედეგია. ამ პენეპლენის ფრაგმენტების შემონახვით განსაკუთრებით გამოიყოფა მდ. გეზრულის ხეობა, ზღვის დონიდან 600-700 მ სიმაღლეზე, აგრეთვე, ლიხისა და გედსამანიის ქედთა თხემები. ძირულის დენუდაციური პლატო კავკასიონის მთელი რეგიონის რელიეფის უძველეს რელიქტად განიხილება (მარუაშვილი, 1970).

სტრუქტურული პლატო მდ. ყვირილის მარჯვენაპირეთში დანაწევრებულია მდ. ძუსას, ბუჯას, კაცხურას, რგანისწყლის და სხვ. ხეობებით და ქმნიან კანიონისებური ხეობებით შემოფარგლულ პატარ-პატარა ზეგნებს (რგანის, ბუნიკაურის, ზედა რგანის და სხვ.). ტურონ-სენონის კირქვებით აგებულ არეალებში კარგად არის გამოხატული არა მარტო კანიონისებური ხეობები, არამედ მრავალფეროვანი კარსტული მოვლენები (მიწისქვეშა მდინარეები, ვოკლუზური წყაროები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები და სხვ.). მდ. ყვირილის მარცხენაპირეთშიც, ერთიანი პლატო მდინარეული ხეობებით ასევე დაყოფილია ცალკეულ ზეგნებად (პერევისის, შუქრუთის, ითხვისის და სხვ.), რომელთა ზედაპირები და წიაღი ძლიერ არის დაკარსტული. აქ ბევრია სხვადასხვა დონეზე განლაგებული მღვიმეები. პლატოს ერთფეროვნებას რამდენადმე არღვევს პერევისას (ჭიათურის რ-ნი) და გორაძირის (საჩხერის რ-ნი) ახალგაზრდა ვულკანური კონუსები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები