მუსხელიშვილი იაკობ
მუსხელიშვილი იაკობ ლევანის ძე - (9.IX.1865 - 1936) - ქართველი ოფიცერი, ამიერკავკასიის არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, არტილერისტი, I მსოფლიო ომის მონაწილე.
დაიბადა ქალაქ თბილისში. დაწყებითი სამხედრო განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. შემდეგ დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. ჯარში მსახურობდა 1884 წლიდან, ყარსი-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში. მეთაურობდა საციხოვნო არტილერიის ასეულს.
1889 წლიდან იყო პორუჩიკი, 1895 წლიდან – შტაბს-კაპიტანი, 1899 წლიდან – კაპიტანი. 1907 წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1911 წლის 6 დეკემბერს წარჩინებული სამსახურისთვის – პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ომის საწყის ეტაპზე იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1914-1915 წლებში მეთაურობდა მე-3 მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს. 1916 წელს იმყოფებოდა დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, იმავე წლის 24 ნოემბრიდან იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, 1918 წლიდან იყო ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსული ბოლშევიკური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. არაერთხელ იქნა რეპრესირებული და დაპატიმრებული საბჭოთა ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიერ. აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. ბოლო დაპატიმრების დროს, ციხიდან გაათავისუფლეს მძიმე ავადმყოფობის გამო.
გარდაიცვალა 1936 წელს. დაკრძალული იყო თბილისში, ძველი ვერის სასაფლაოზე, თუმცა, საბჭოთა პერიოდში სასაფლაო გააუქმეს და მის ადგილზე კიროვის პარკი გააშენეს. დღესდღეობით სასაფლაოს ადგილზე ვერის ბაღი მდებარეობს.
1893-1901 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო წმინდა ანას lll და II ხარისხის (ხმლებით) ორდენით; წმინდა ვლადიმირის IV და III ხარისხის (ხმლებით) ორდენებით და წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით.
იხილე აგრეთვე
წყარო
- ქართველი გენერლები
- ამიერკავკასიის არმიის ქართველი გენერლები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- მუსხელიშვილები