იაკობ ხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაკობ ხუცესი (ცურტაველი) – (V ს.), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის „შუშანიკის წამების“ ავტორი. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ იაკობი იყო აღწერილ ამბავთა მოწმე და აქტიური მონაწილე, შუშანიკის უახლოესი თანამდგომელი, ქვემო ქართლის საპიტიახშოს კარის ხუცესი, გავლენიანი პირი. VI ს. დამდეგს იაკობი იხსენიება ცურტავის ეპისკოპოსად (ცურტავი მდებარეობდა დაახლოებით რუსთავსა და ბოლნისს შორის, მდინარეების - ქციისა და მაშავერის შესართავთან).

„შუშანიკის წამების“ ლიტერატურული ღირსებები საფიქრებელს ხდის, რომ მის ავტორს სხვა ნაწარმოებიც უნდა ჰქონდეს დაწერილი. საკუთრივ თხზულებაც სრული სახით არ უნდა იყოს მოღწეული.

„წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ შექმნილია 476-483 წლებში. მასში მძაფრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი პათოსითა და უშუალობით არის აღწერილი იმდროინდელი პოლიტიკური, სარწმუნოერივ-კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება. მოქმედება ქვემო ქართლში ხდება V ს. მეორე ნახევრის ისტორიული ვითარების ფონზე. ამ დროს ირანი ინტენსიურად ისწრაფოდა საქართველოს დამორჩილებისკენ. მიზნის მისაღწევ საუკეთესო საშუალებად ირანის შაჰებს ქართლში ქრისტიანობის აღმოფხვრა და მაზდეანობის — ცეცხლთაყვანისმცემლობის დანერგვა ესახებოდათ. ისინი ქართლის დიდ-დიდ ფეოდალთა მიმხრობას ცდილობდნენ, რათა მათი ხელშეწყობით დაემორჩილებინათ ქვეყანა.

ვარსქენმა, ქვემო ქართლის პიტიახშმა, ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო და გადაწყვიტა ცოლ-შვილიც თავის რჯულზე მოექცია. მაგრამ მისი მეუღლე შუშანიკი, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, წინ აღუდგა ვარსქენის განზრახვას. ვარსქენი ამაოდ ეცადა ცოლის გადაბირებას. ბოლოს საპყრობილეში შეამწყვდია. შუშანიკი ექვს წელიწადს იტანჯებოდა, მეშვიდე წელს გარდაიცვალა. ვარსქენ-შუშანიკის ურთიერთობის ავტორისეული ინტერპრეტაცია უდევს საფუძვლად ნაწარმოებს. პიტიახშისა და შუშანიკის დაპირისპირება არ არის მხოლოდ სარწმუნოებრივი და ვიწრო ოჯახური ხასიათისა. ავტორი მხატვრული და ისტორიული ლოგიკით გადმოგვცემს სარწმუნოებრივ-ეროვნულ კონფლიქტს, რომელსაც პირადულ-ინტიმური იმპულსების კვალიც მძლავრად გასდევს.

საუკუნეთა განმავლობაში ქართველთათვის ქრისტიანობა მხოლოდ კულტი კი არ იყო, არამედ აგრეთვე ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის შენარჩუნების საწინდარი. რწმენის ერთგულება ერის ერთგულებას მოასწავებდა და მტერი მუდამ ცდილობდა ერთის აღმოფხვრით მეორე დაეკნინებინა. ვარსქენი რწმენის ღალატით ეროვნულ საქმეს ღალატობდა, შუშანიკი კი ქრისტიანობის დაცვით ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ამიტომაა, რომ პიტიახში განმარტოებით დგას თხზულებაში, ხოლო შუშანიკისადმი მიმართულია ყველა სიმპათია თვით შუშანიკს ნათლად აქვს გაცნობიერებული თავისი მაღალი მისია. ეს შეგნება დიდ შინაგან ძალასა და თვითდაჯერებას ანიჭებს მის სიტყვას, მოქმედებას, განცდას. ამასთან, იგი ერთიმეორეს უპირისპირებს ვარსქენის დაცემას და ვარსქენისავე წინაპართა მამულიშვილურ ღვაწლს.

„შუშანიკის წამება“ ქართული მწერლობის ერთ-ერთი უსაჩინოესი ნიმუშია. მისი ავტორის სახით ქართულ მწერლობას სიტყვის მაღალ-ნიჭიერი ოსტატი, ღრმა ფსიქოლოგი და ჩინებული მხატვარი ჰყავს. თხზულების დასაწყისშივე ცოცხლად აღიქმება გმირის მოძრაობა; ქმრის გამაზდეანების ამბავი რომ გაიგო, შუშანიკი „დავარდა ქვეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი...“ მკვეთრ მოძრაობათა ეს ხატი პირველ წარმოდგენას ქმნის: ეს ქალი ღრმა რწმენისა და მტკიცე ნების არსება უნდა იყოს. შუშანიკმა მიატოვა ოჯახი და შვილებითურთ ეკლესიას შეეფარა. საღამოს კი „სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“. ამ პლასტიკური ფორმის მიღმა ცხადად იკვეთება გმირის სულიერი ტკივილი.

ღვთისმოსავი შუშანიკის ხასიათში მიწიერი ცხოველმყოფელობაც ძლიერია. ადრიდანვე თავჩენილი ეს შინაგანი წინააღმდეგობა შემდგომ უფრო მძაფრდება და ნაწარმოების დრამატულ პათოსს ქმნის. მიწიერ სწრაფვასა და სატკივარს ცხადი ფასეულობა აქვს მინიჭებული და ამიტომ მასზე ამაღლება ვნებათა დრამატული ჭიდილის საგულისხმო სურათად იქცევა.

ამგვარი სურათები უმეტესად დიალოგის ფორმითაა გაშლილი. ცოცხალი ინტონაციებით შეფერილი რეპლიკები უშუალოდ გვიახლოვებენ გმირის განცდათა მიმოქცევას. ვარსქენის ძმა ჯოჯიკი შინ დაბრუნებას ევედრება რძალს. „ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქვა: უკეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან. და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა“, ხოლო შემობრუნებული ასე შეემუდარა რძალს: „დაჲ ჩვენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა“. ჯოჯიკის მდუმარე მოძრაობა ჩინებულად წარმოგვისახავს, თუ რა ხდება გმირის სულში. ეს არის ესთეტიკური ზომიერების ნიმუში.

აღსასრულის წინ შუშანიკს მაზლი და რძალი მოინახულებენ. მოწამის პიროვნებაში წინა პლანზე წამოიწევს და ძალუმად აღზევდება მიწიერ-პიროვნული „მე“: „არავინ იპოვა კაცთაგანი, — ამბობს იგი, — რომელსამცა აქვნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთვის, რომელმანცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღლესა“. ქალის სხეულისა და სულის იარას თითქოს ერთბაშად პირი გახსნოდეს, ისე მოედინება მოწამის ბაგეთაგან: „მიაგოს მას (ვარსქენს) უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთვლნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭნო, შვენიერებაჲ სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა“.

დიდი შინაგანი დაძაბულობის მეოხებით მაღლდება შუშანიკი მისთვის ცხადი ფასეულობის მქონე მიწიერ ვნებებზე, სწვდება იდეალს, ოღონდ ეს წვდომა შინაგან წინააღმდეგობებსა და ტკივილებზე უაღრესად ძნელი გამარჯვების ფასად მიიღწევა. ბოლოს ტკივილით შეფერილი ღაღადისი სასოებაში გადადის და სიხარულით ნათელფენილი მთავრდება: „ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოო და გვემათა და თრევათა მისთათვის მე განსვენებასა მივემთხვიო...“ ადამიანის ამგვარად გაგება და წარმოსახვა ქრისტიანული მსოფლაღქმის პრინციპია.

მოქმედება–მოძრაობის პლასტიკური ხატებით არის გახსნილი ვარსქენის ბუნებაც: „მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერხითა თვისითა დასთრგუნვიდა მას. და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა და ჩაჰფლა და თვალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა. ვითარცა მხეცი მძვინვარეჲ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“.

„შუშანიკის წამებაში“ უხვადაა V ს. საქართველოს ცხოვრების ამსახველი ფაქტები და სოციალურ ურთიერთობათა საყურადღებო დეტალები, ისტორიული, ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ცნობები. ამ თხზულებით საკმაოდ სრული წარმოდგენა გვექმნება იმდროინდელი საქართველოს სულიერ კულტურაზე. საგულისხმოა, რომ „შუმანიკის წამების“ დაწერამდე ქართულ ენაზე უკვე არსებულა „დავითნი“, სახარება და მარტიროლოგიური თხზულებები.

„მუშანიკის წამება“ თავდაპირველი სახით არ შემორჩენილა, გადარჩა მხოლოდ XI ს. ხელნაწერი. გადამწერთა ხელში ნაწარმოებს გარკვეული ცვლილებები განუცდია (მაგალითად, აღარ ჩანს „ხანმეტობის“ კვალი). არსებობს „შუშანიკის წამების“ მეორე, მოკლე რედაქცია, ესეც XI ს. ხელნაწერით შემონახული.

„შუშანიკის წამების“ ვრცელი და მოკლე რედაქციები არსებობს სომხურ ენაზეც. ამათგან ვრცელი სომხური რედაქცია ვრცელი ქართული რედაქციიდან არის თარგმნილი, მოკლე სომხური რედაქცია კი ვრცელი სომხური რედაქციის გადაკეთებით არის მიღებული. მოკლე სომხური ტექსტის თარგმანია მოკლე ქართული რედაქცია. „შუშანიკის წამება“ თარგმნილია აგრეთვე რუსულად და ლათინურად.


ტექსტი

  • მარტვილობაჲ შუშანიკისი, 1938;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 34-44;
  • ჩვენი საუნჯე, I, 1960, გვ. 13-27.

ლიტერატურა

კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 113-122.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები