ინიჟხერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ინიჟები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინიჟხერ-ი (ადიღ. Иныжъхэр – ინიჟები; მხ. რ. Иныжъ: ины – „დიდი“, жъ – კნინობითობის სუფიქსი) – დევები, ადიღური ფოლკლორის, უპირატესად ნართული ეპოსის, პოპულარული პერსონაჟები – სამი, შვიდი, ცხრა, თორმეტთავიანი გოლიათური ზომის, ცეცხლისმფრქვეველი (ძილშიც კი პირიდან მუგუზლები და ნაპერწკლები სცვივათ) ანთროპომორფული არსებები. არიან მახინჯნი, ბოროტნი, უზნეონი, ძუნწნი და გაუმაძღარნი, ხშირად გულუბრყვილონი, რიგი გადმოცემების თანახმად, ვამპირნიც (ტყვე ქალიშვილებს უხვრეტენ ტერფს და სწოვენ სისხლს); ჰყავთ მათზე არანაკლებ ძლიერი და საშიში ცოლები, რომლებსაც უზარმაზარი ძუძუები მხრებზე აქვთ გადაგდებული. ეპოსში ინიჟები ნართების მეზობლად ცხოვრობენ, მაგრამ, ზოგიერთი თქმულებით, ნართებიდან ერთი წლის სავალზე, ზოგჯერ კი მთის ქვეშ ან ხეობებში სახლობენ. მათი სახლები შემოზღუდულია მაღალი გალავნით, რომელსაც ხშირად არც კარიბჭე აქვს და არც კუტიკარი, მაგრამ, თუ აქვს, მხოლოდ შიგნიდან იღება და თან ორი ლომი დარაჯობს. ინიჟებს ჰყავთ მათსავით უზარმაზარი და ძლიერი დამხმარე ცხოველები (ასეთია, მაგალითად, ინიჟ არხონ-არხოჟის საოცარი ცხენი ჟაკო, რომელსაც ერთი კვირის სავალი გზის ერთ დღეში დაფარვა შეუძლია; საშინელი ტახი, ისეთი ზომისა, რომ ნართებს შიშს გვრის. მათი ცხვრები ისეთი ძლიერები არიან, რომ შვიდი ძმა ერთის დაჭერასაც კი ვერ ახერხებს. ინიჟის გოლიათურმა ყოჩმა ნართი ბათეიც კი დაატყვევა და პატრონს რქებით მიგვარა).

ინიჟები ნართების ანტაგონისტები არიან: აოხრებენ მათ სამკვიდროს, მიერეკებიან საქონელს, სტაცებენ ცოლებსა დaა ქალიშვილებს, რომლებთანაც სექსუალურ კავშირს ძალადობით ამყარებენ (არის გამონაკლისიც: აშამეზის დედა შვილის სიკვდილს უფრო ისურვებს, ვიდრე საყვარელი ინიჟისა). ხშირად ქალები იმისთვის მიჰყავთ, რომ მათ დასახსნელად მოსულ ნართებთან ორთაბრძოლა გამართონ და თავიანთი ძალა გამოსცადონ. ეპოსის ცენტრალური პერსონაჟის – სოსრუყოს მტრებს, რომლებსაც გმირის მოკვლა სურთ, ინიჟები ეხმარებიან: მთიდან დააგორებენ ბასრკბილებიან ბორბალს, რომელიც ნართს ფეხებს სჭრის. როცა სოსრუყო თავის ცხენს მოაჯდა, გზა ინიჟებმა ქვებით ჩაუხერგეს და იგი, მტრებთან ერთად, ცოცხლად დამარხეს. განსხვავებით სხვა ფოლკლორული ძეგლებისაგან, რომლებშიც ინიჟები მუდამ სისხლს მოწყურებულ არსებებად და ადამიანთა დაუძინებელ მტრებად გვევლინებიან, ნართული ეპოსის ცალკეული გადმოცემები მათ ადამიანურ თვისებებზეც მოგვითხრობენ. ამ თქმულებებში ინიჟები და ნართები მშვიდობიანად თანაარსებობენ და ინიჟ ქალს ცოლადაც კი ირთავენ (იხ. „ნარიბგეი“).

ინიჟების შესახებ რწმენას აფხაზურ-აბაზური მითოლოგიაც იცნობს. აბაზი ინიჟები (Айныжв) ადამიანის მსგავსი ციკლოპებია, ცხოვრობენ ოქროსკედლებიან გამოქვაბულებში, იტაცებენ და ცოლად ირთავენ ქალებს, რომლებსაც მონადირეები ანთავისუფლებენ. ადიღური ინიჟების ტიპოლოგიური პარალელებია ქართული დევები, აფხაზური ა-დაუები, ოსური უაიგები, ყარაჩაულ-ბალყარული ემეგენები.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Мыекъуапэ, т. I, 1968; т. II, 1969; т. IV, 1970; т. V, 1970;
  • Куёк А. С. Мифические образы адыгского эпоса «Нартхэр» // Мир культуры адыгов (Проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002;
  • Копсергенова В. З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012;
  • Куёк А. С. „Культурные герои» испы и иныжы в образе мифических существ эпоса «Нартхэр» // Вестник науки Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т. М. Керашева. № 4 (28), Майкоп, 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები