აბაკელია იოსებ კონსტანტინეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაკელია, იოსებ კონსტანტინეს ძე (1882, 2/III – 1938) – რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე, ექიმი მკვლევარი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. დაიბადა ქ. ქუთაისში. 1903 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა, 1911 წელს – მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1911-1913 წწ. ქ. ოზურგეთში სკოლის ექიმად მუშაობდა; 1913 წელს – ფინლანდიაში, ცნობილ სანატორიუმ „ხალილაში“ ექიმი. გაბრილოვიჩის ხელმძღვანელობით; 1914-1918 წწ. – მოქმედ ჯარში არტილერიის პოლკის უფროს ექიმად; 1919 წელს – ტფილისის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად; 1913 წელს სამეცნიერო მუშაობისთვის უნივერსიტეტში დატოვეს. იმავე წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები, ხოლო 1924 წელს დისერტაცია დაიცვა და შინაგანი მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1925 წელს გერმანიაში სამეცნიერო მუშაობისთვის ერთი წლით მიავლინეს. 1927 წელს სამკურნალო ფაკულტეტმა პრივატ-დოცენტად აირჩია, 1928 წელს – დოცენტად. 1928 წელს, საერთაშორისო სატუბერკულოზო ყრილობაზე გაგზავნეს. 1930 წელს პროფესორად აირჩიეს, იმავე წელს – ტუბინსტიტუტის დირექტორად.

პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობა 1903 წელს, ქ. ოდესის სოც.-რევოლუციონერთა პარტიაში დაიწყო. აქტიურად მონაწილეობდა განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც მეფის მთავრობამ არაერთხელ დასაჯა ციხე-ციმბირით. რუსეთის დიდი რევოლუციის დროს მე-11 ლაშქრის სარევოლუციო კომიტეტის წევრიკორესპონდენტი იყო. 1918 წლის 8 თებერვალს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე პარტიულ-საზოგადოებრივ მუშაობას გაორკეცებული ხალისით შეუდგა (აირჩიეს ა/კ სოც.-რევოლუციური პარტიის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად, შემდეგ – საქართველოს პარლამენტის პრეზიდიუმის წევრად). ა/კ დამოუკიდებლობის გამოცხადების (9 თებერვალი, 1918) დღიდან, როცა სოც.-რევოლუციურ პარტიაში ორი მიმდინარეობა გაჩნდა (დამოუკიდებლობის მომხრე და წინააღმდეგი), ი. აბაკელია დამოუკიდებლობის ჯგუფში გაწევრიანდა (დამოუკიდებლობის მომხრე იყო, რათა ა/კ-ში რევოლუციის მონაპოვარი დემოკრატიას მაინც შეენარჩუნებინა) და სხვებთან ერთად, ამ აზრის დამცველ გაზ. «Дело народа»-ს ირგვლივ შემოკრებილ წრეში მუშაობდა.

არანაკლები შრომა მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამშობლოს საკეთილდღეო მუშაობაში, როცა სოც.- რევოლუციური პარტიის უცხო ერის წევრნი სოციალიზმის სახელით შეკაზმულ მიზნებს ემსახურებოდნენ საქართველოს საზიანოდ. ბოლოს, საქართველოში მოქმედ სოც.-რევოლუციური პარტიის ორგანიზაციათა კონფერენციამ ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩია. დიდი ამაგი დასდო ტფილისის პირველი საქალაქო ტუბერკულოზის ინსტიტუტის აგებასა და მოწყობას.

სარჩევი

ცალკე გამოცემულია
  1. ტუბერკულოზი / პროფ. ალადაშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით. – თბ., 1921. – 101 გვ.;
  2. ტუბერკულოზის ინფექციის ლიმფური გზით გავრცელების ანატომიური დასაბუთების მასალები. – ტფ.: წითელი წიგნი, 1924. – 70 გვ. – (ქართულ და რუსულ ენებზე);
  3. შერეული ინფექცია ფილტვის ქრონიკული ტუბერკულოზის დროს. – 1926. – (ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე);
  4. კლინიკური მნიშვნელობა Matefy-ის Daranyi-ის და ერიტროციტების დალექვის რეაქციებისა ფილტვის ტუბერკულოზის დროს. – ტფ., 1927. – 9 გვ. – [ცალკე ამონაბეჭდი, თანამედროვე მედიცინა, №3-4, 1927 (ქართულ და რუსულ ენებზე)];
  5. ტუბერკულოზის ქემოთერაპია. – ტფ., 1927. – 9 გვ. – [ცალკე ამონაბეჭდი, „თანამედროვე მედიცინა“, 1927, № 5-6];
  6. ტუბერკულოზთან ბრძოლის მდგომარეობა საქ. ს.ს. რესპუბლიკაში... ი. აბაკელიას მოხსენება / სრულიად საკავშირო მე-4 ტუბერკულოზური ყრილობა. – ტფ.: სანგანათლება, 1928. – 20 გვ. – (ქართულ და რუსულ ენებზე);
  7. ტუბერკულოზით დაავადებულთა საზრდოობა. – ტფ., 1928. – 9 გვ.;
  8. მეექვსე საერთაშორისო ტუბერკულოზური ყრილობა. რომი. 26-30 სექტემბერი, 1928 წ. – ტფ., 1929. – [383-390] გვ. – [ცალკე ამონაბეჭდი, „თანამედროვე მედიცინა“, V, 1929];
  9. ტუბერკულოზი ქ. თბილისის მოწაფეთა შორის. – ტფ., 1930. – (ქართულ და რუსულ ენებზე);
  10. პირველადი კომპლექსი და ბრონქული ჯირკვლების ტუბერკულიოზი ბავშვებსა და მოზრდილთა შორის. – თბ.: სახმედგამი, 1936. – 32 გვ.
გამოქვეყნებულია
  1. К вопросу о роли трахеобронхиальных желец при туберкулезной инфекции и о локализации первичого гнезда // Врачебная газета. – 1916;
  2. ტუბერკულიოზი საქართველოში და ბრძოლა მასთან: ექ. იოსებ აბაკელიასი // ექიმი. – 1919. – №5-6. – გვ. 81-85;
  3. ბრძოლა ტუბერკულოზთან საქართველოში: (მოხსენება, წაკითხული ექიმ ი. აბაკელიას მიერ) // ჭლექი და მასთან ბრძოლა. – 1920. – №1. – გვ. 3-12;
  4. წერილი რედაქციას // კომუნისტი. – 1935. – 6 ოქტომბერი. – №233. – გვ. 4;
  5. Советский Давос: [Курорт Абастуман] // Заря Востока. – 1936. – Май. – №113. – с. 3.
მის შესახებ

1919 წლის ოქტომბრის თვეში შესდგა ჭლექთან მებრძოლ... // ჭლექი და მასთან ბრძოლა. – 1920. – №1. – გვ. 1-2.

წყარო
  1. ავტობიოგრაფია;
  2. შრომების სია.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები