დები იშხნელები
დები იშხნელები – ქართული ქალაქური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი, ვოკალური კვარტეტი, დების ნინოს (1898-1967), თამარის (1900-94), ზინაიდას (1902-68) და ალექსანდრას (1904-55) შემადგენლობით. 1955-იდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889-1973). ეს ანსამბლი საოჯახო შესრულებით ადრეც იყო ცნობილი, ოფიციალურად კი ჩამოყალიბდა 1941 და იმავე წელს შევიდა საქართველოს ფილარმონიის შემადგენლობაში, (ხელმძღვანელი თამარ იშხნელი). იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა („შენ აყვავდი, ქართლო, მეტად“, „არ დაიჯერებ“ და სხვ.). 1949 იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1976 თამარს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. იშხნელებმა დახვეწეს და გაამდიდრეს სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორი. კვარტეტმა იარსება 1967-მდე და ქართველი საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა. 1972-დან სიცოცხლის ბოლომდე თამარი მღეროდა ქართულ და ძვ. რუსულ რომანსებს. 1999 დაარსდა იშხნელების სახელობის პრემია. პირველად მიენიჭა ჭოხონელიძეების მომღერალ ოჯახს (1999).