შალამბერიძე კახა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კახა შალამბერიძე-დან)
შალამბერიძე კახა − (1965), ინჟინერი, პოეტი. დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის 140-ე საშუალო სკოლა, შემდეგ − საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესიით არის ინჟინერი. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო, მაგრამ მისი ლექსები მხოლოდ 2016 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთში”. ამის შემდეგ პერიოდულად ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა არც ისე დიდი სიხშირით, ამას თავად პოეტი მისი არააქტიური ბუნებით ხსნის. გამოცემული აქვს კრებული „ღია ღამე” (2018).
- * * *
- ფშავში მაღალ მთებს ვეწვიე,
- ვფიქრობდი, მთა დამაწყნარებს...
- ბილიკზე წამოგეწიე,
- ჰა და ჰა, ვწვდები ნაწნავებს.
- მზისა და მთვარის მხევალი,
- ფრინავ, არ ადგამ ნაბიჯებს,
- რის დაწყნარება − რხევაი,
- მაგ წელ-თეძოთა, მაგიჟებს!..
- ხელში ჩაგიგდებ თვალშავა
- თუნდაც გამიწყრეს ლაშარი!
- მხრებამდე ჩამოგეშალა
- მძივებიანი თავშალი...
- შემხედე, გამიღიმილე,
- ბაგის გააპე ნაპრალი,
- სწორედ ეგა მკლავს ღიმი მე,
- ეჭვი გულს შემონაპარი.
- ხრავენ, გულს ხრავენ ჭიანი,
- (ჭორ არვინ გამოუცხოსა)
- რა ვქნა რომ ვიეჭვიანე:
- „რათ გამიღიმე უცხოსა”.