ალექსი-მესხიშვილი ლადო (არქიტექტორი)
ლადო (ვლადიმერ) შალვას ძე ალექსი-მესხიშვილი — (1915 1978), არქიტექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1969).
დაიბადა თბილისში 1915 წელს, იურისტის ოჯახში, საშუალო განათლება მიიღო თბილისში, 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, სტუდენტობის წლებში გატაცებული იყო სპორტის რამდენიმე სახეობით: 1935 წელს მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება კრივში, ხოლო 1939-1940 წლებში ჩემპიონი გახდა სათხილამურო სპორტის სახეობაში — სლალომში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან ოთხ წელს იმსახურა საბჭოთა არმიაში. ომის შემდეგ ემსახურება არქიტექტურის ხელოვნებას და მთავარი ავტორი გახდა საქართველოში აგებული არაერთი მნიშვნელოვანი ნაგებობის, მათ შორის აღსანიშნავია:
- სანატორიუმი „იმერეთი“ წყალტუბოში (1948-1957);
- წყნეთის საცხოვრებელი სახლები (1956-1962);
- თბილისის სპორტის სასახლე (1961);
- რესტორანი „იორი“ თბილისის ზღვაზე (1962);
- ბიჭვინთის დასასვენებელი სახლი (1962);
- „გარაჟი“ თბილისში (1966);
- თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1967);
- მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგური „თავისუფლების მოედანი“ (ყოფილი „ლენინის მოედანი“, 1967).
1961 წელს ვლადიმერ (ლადო) შალვას ძე ალექსი-მესხიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, ხოლო 1969 წელს, საქართვეელოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისა და მეტროპოლიტენის სადგურ „ლენინის მოედნის“ არქიტექტურისათვის — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.