არდაზიანი ლავრენტი
არდაზიანი ლავრენტი – (1815 – 1870), ქართველი მწერალი და პოეტი, ფსევდონიმები: ალექსი ელბაკიძე, ბიძია თორნიკე. დაიბადა თბილისში. 1837 წ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, „ამიერკავკასიის პრიკაზში”, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა შექსპირის „ჰამლეტის” პროზაული თარგმანით („ცისკარი”, 1858) და მალე „ცისკრის” წამყვანი თანამშრომელი გახდა. მან ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი „ფულები” – „ცისკარი”, 1859), ხოლო ცნობილ რომანში „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” („ცისკარი”, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობა საქართველოში.
- ფულები (ფრაგმენტი )
- უწესოდ გაჩენილო, ურიცხვთ დასამხობელად,
- იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად,
- კაცთა ამპარტავნების ამწეო მეტად მაღლად,
- მაგრამ ამასთან ეგრეთ კეთილს იქ დიად მრავლად.
- ბარემ, ისევ ფულებო,
- ვერცხლის სიამოვნებო,
- ჩვენო თვალის სინათლევ,
- გონების მიმტაცებო.
- ხშირად გიყვარს სტუმრობა მარად განურჩეველი,
- ამაო ფუფუნება, ჟამი დაუდგრომელი,
- კაცთ ბუნების აღმძვრელი და შურით აღმვსებელი,
- სიმართლის დამჩაგვრელი, კაცთ ზნეობის გამრყვნელი.
- რა ვსთქვა? ისევ, ფულებო...