მეტონიძე ლელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლელა მეტონიძე-დან)
მეტონიძე ლელა – (1972), ექიმი, პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა ქუთაისის მე-10 საშუალო (რუსული) სკოლა, შემდეგ – ეროვნული სამედიცინო აკადემია (სამედიცინო უნივერსიტეტი); პროფესიით არის ონკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, მუშაობს ქირურგიაში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში; მისი ლექსები დაიბეჭდა თანამედროვე პოეზიის „მზის არილის” ორ ტომში, შეყვარებულთა სამაგიდო-საპაემნო წიგნში, ასევე „ამ საუკუნის ფოლიანტები” – კრებულში; მზად აქვს გამოსაცემად ლექსების პირველი კრებულის. არის ავტორი ახალი მიმდინარეობის – ალიტერაციის ახალი ვარიანტისა, რასაც ავტორმა „ანბანთქება” უწოდა.
- * * *
- ერთხელ, მეც მჭირდა ვარდის ფურცლობა,
- ბლის ნასხეპ შტოებს ჩურჩულით ვთვლიდი,
- მსუბუქ ნაბიჯით, ეზოს ბოლოდან,
- ვეზიდებოდი ფიჩხსა და ფითილს...
- ერთხელ მეც ვიყავ თოვლზე ალალი
- და მოქარგული ფიფქით
- ნაფრთები, თეთრი მკლავების
- ურჩი კანკალით და ლურჯი მზერით,
- ცისკრის ზარების!
- ერთხელ მეც მითქვამს პატარა ლექსი,
- სულ ერთი ცრემლის − მხოლოდ იაზე,
- მას მერე ქარებს უვლიათ შეშლით
- და სულ ფურცლებად გამანიავეს...