ვისკონტი ლუკინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლუკინო ვისკონტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკინო ვისკონტი

ლუკინო ვისკონტი დი მოდრონეოპერის, დრამატული თეატრისა და კინოს დიდი იტალიელი რეჟისორი. (დ. 1906 წლის 2 ნოემბერს მილანში – გ. 1976 წლის 17 მარტს რომში, იტალია) – არისტოკრატული გვარის – ვისკონტის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი. მისი სრული სახელი და ტიტულია – დონ ლუჩანო ვისკონტი დი მოდრონე, გრაფი პონატე პოცოლო, სინიორ დი კორჯელო, დი სომას, კრენისა და ანიადელოს კონსინიორი, მილანის პატრიცი.

ლუკინო ვისკონტის მამა ჰერცოგ ვისკონტი დი მოდრონეს ტიტულს ატარებდა, მფარველობდა ლა სკალას თეატრს. ახალგაზრდობიდან ლუკინო გატაცებული იყო ოპერით. 1930-იანი წლების ბოლოს გაემგზავრა პარიზში, სადაც კინორეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა.

1943 წელს საკუთარი და იტალიის კომპარტიის სახსრებით (ვისკონტი იმხანად იტალიის კომპარტიის წევრი იყო) გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „შეპყრობილობა”.

შემდეგი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – „მიწა ცახცახებს” – გადაიღო სიცილიაზე არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით. ფილმმა ნამდვილი ფურორი მოახდინა იტალიაში. ჩაფიქრებული იყო, რომ ის იქნებოდა მუშათა კლასსზე ტრილოგიის პირველი ნაწილი. ტრილოგია ვერ დასრულდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ვისკონტი აღიარებულ იქნა იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთ გურუდ.

40-იან და 50-იან წლებში ვისკონტი ძირითადად დაკავებული იყო თეატრალური დადგმებით. განახორციელა აგრეთვე რამდენიმე საოპერო დადგმა ლა სკალას სცენაზე.

ჩამოცილდა რა პროლეტარულ თემატიკას, ვისკონტი თავის სწრაფვაში რომანტიზმისა და რეალიზმის სინთეზისკენ, მონაცვლეობით იღებდა ფილმებს თანამედროვე თემებზე.

ლუკინო ვისკონტის შემოქმედებაში საეტაპო ფილმად ითვლება ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას რომან „ლეოპარდის” მასშტაბური ეკრანიზაცია, რომელსაც 1963 წელს კანის კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტო” გადაეცა.

დროთა განმავლობაში ვისკონტის სულ უფრო მეტად იზიდავდა იმ ჩაკეტილი ნახევრადფეოდალური, თუმცა მაღალი კულტურის სამყაროს ოჯახური ურთიერთობების რღვევისა და განწირულების გრძნობის თემა, რომელსაც ეკუთვნოდნენ მათ შორის მისი საკუთარი წინაპრებიც

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1943 – „შეპყრობილობა”
  • 1948 – „მიწა ცახცახებს”
  • 1951 – „ყველაზე ლამაზი”
  • 1954 – „გრძნობა”
  • 1957 – „თეთრი ღამეები” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ვერცხლის ლომი” რეჟისურაში)
  • 1960 – „როკო და მისი ძმები” (ვენეციის სკფ, ფიპრესის პრიზი, ჟიურის სპეციალური პრემია) • 1963 – „ლეოპარდი” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო”)
  • 1965 – „დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი”)
  • 1967 – „უცხო”
  • 1969 – „ღმერთების დაღუპვა”
  • 1971 – „სიკვდილი ვენეციაში” (კანის სკფ, ფესტივალის 25-წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო პრიზი)
  • 1972 – „ლუდვიგი”
  • 1974 – „ოჯახური პორტრეტი ინტერიერში”
  • 1976 – „უმანკო”

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები