ფოლკლენდის კუნძულები
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები – მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკაში, არგენტინის სანაპიროდან 500 კმ-ის დაცილებით. შედგება 2 მსხვილი (აღმოსავლეთ ფოლკლენდი (სოლედადი) და დასავლეთ ფოლკლენდი (გრან-მალვინა), აგრეთვე 200-მდე პატარა კუნძულისაგან; მოსახლეობა 2 ათასია.
არგენტინული წყაროების მიხედვით, 1520 კუნძული აღმოაჩინა და მალვინის უწოდა ესპანელმა ზღვაოსანმა ე. გომესმა. ინგლისელები ამტკიცებენ, რომ კუნძულების პირველაღმომჩენი 1522 იყო ინგლისელი ზღვაოსანი ჯ. დევისი. 1722 პარიზში დაიბეჭდა რუკა, რომელზეც ეს კუნძულები აღნიშნული იყო როგორც საფრანგეთის კუთვნილება, 1764 ფრანგებმა კუნძულებზე მუდმივი დასახლება შექმნეს. თუმცა 2 წლის შემდეგ 25 ათას გირვანქა სტერლინგად კუნძულები ესპანელებს დაუთმეს. 1816 ლაპლატის გაერთიანებულმა პროვინციებში (თანამედროვე არგენტინა) ესპანეთის გვირგვინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1820 კუნძულებზე არგენტინის დროშა აღიმართა, დაინიშნა გუბერნატორი და ჩადგა გარნიზონი. თუმცა 1833 დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთ ატლანტიკაში სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა და კუნძულები თავის კოლონიად გამოაცხადა, მას შემდეგ არგენტინა დიდი ბრიტანეთისაგან კუნძულების დაბრუნებას მოითხოვს.
1964 ეს საკითხი არაერთხელ განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიამ, გაეროს გადაწყვეტილებით ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები თვითმმართველობის არამქონე ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი, ერთხანს დიდი ბრიტანეთი არგენტინას სთავაზობდა კუნძულების ეტაპობრივ გადაცემას, იმ პირობით, თუ დაიდებოდა შეთანხმება კუნძულების 100-წლიანი იჯარის თაობაზე. მოგვიანებით ბრიტანეთმა განაცხადა, რომ არქიპელაგის კუთვნილების საკითხი საბოლოოდ მის მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა რეფერენდუმის გზით, მაგრამ ინგლის-არგენტინის მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჩიხში მოექცა. 1982 კუნძულებზე თავისი სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით არგენტინამ იქ სამხედრო კონტინგენტი გადასხა და კუნძულები არგენტინის 24-ე პროვინციად გამოაცხადა. ბრიტანეთის მთავრობამ საპასუხოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ესკადრა გაგზავნა კუნძულების რაიონში. ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ბრძოლების შემდეგ ბრიტანეთის ჯარებმა შეძლეს კუნძულებზე ბრიტანული ადმინისტრაციის აღდგენა.