ქვლივიძე მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიხეილ ქვლივიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ქვლივიძე მიხეილ – (1925 – 2005), ქართველი პოეტი, ლიტერატორი, მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1951-1954 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი. 1954-1959 წლებში დაინიშნა საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად. 1960-1965 წწ მუშაობდა რედაქტორად საკავშირო გამომცემლობაში Советский писатель. წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ქართული პოეზია რუსულ, პოლონურ, უნგრულ, იტალიურ და სხვა ენებზე და ასევე თარგმნიდა პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა „ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია“, ხოლო უნგრეთში – „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“. 1982 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო „მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში“ რუსული რედაქციის გამგედ. გამოცემული აქვს კრებულები: „მოვდივარ, დამიხვდი“ (1955), „დაბრუნება (1966), „გაგრძელება იქნება“ (1969), „შენთან ყოფნიდან უშენობამდე“ (1982), „წყნარი საღამო“ (1987), ერთტომეული (1997) „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ (2004).


* * *
რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს...
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას, _
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს,
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს!
მისი დაკარგვის მწარეა განცდა,
ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს,
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან,
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს!
და ეხლა, როცა ქუჩაში, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს –
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს!
და თითქოს ვითვლით, ისევ და ისევ,
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები