მსოფლიო საფოსტო ორგანიზაცია
მსოფლიო საფოსტო ორგანიზაცია – (Universal Postal Uion – (UPU), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1874 დაარსდა ბერნის კონვენციის საფუძველზე (ხელშეკრულება საყოველთაო საფოსტო კავშირის დაარსების შესახებ). იგი 1947-დან გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციაა. ორგანიზაციის საქმიანობის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის წესდება, ორგანიზაციის საერთო რეგლამენტი და მსოფლიო საფოსტო კონვენცია თანდართულ აღმსრულებელ რეგლამენტთან ერთად. ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულოა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის. რაც შეეხება ფაკულტატიურ შეთანხმებებს, ისინი სახელმწიფოთათვის სავალდებულო ძალას არ ატარებენ. მსოფლიო საფოსტო ორგანიზაციის ხელშეკრულებათა სისტემაში პერიოდულად ცვლილებები შედის დამატებითი ოქმების მიღების გზით (ტოკიო 1969: ლოზანა 1974; ჰამბურგი 1984; ვაშინგტონი 1989) იმ მიზნით, რომ ორგანიზაცია უფრო მოქნილი გახდეს და მისი ფუნქციები უკეთ შეესაბამებოდეს ტექნიკური პროგრესისა და საფოსტო სამსახურის მოთხოვნებს. ორგანიზაციის მიზნებია: საფოსტო სამსახურის ეფექტურობის ამაღლების გზით ერთაშორის ურთიერთობათა განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფოთათვის საფოსტო მომსახურების სფეროში ტექნიკური დახმარების გაწევა. 1995 წლის ბოლოსათვის ორგანიზაციაში გაწევრიანებული იყო 187 სახელმწიფო (მათ შორის საქართველო). ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც მოწვევა 5 წელიწადში ერთხელ. ორგანიზაციის ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი საბჭო, რომელშიც სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე აირჩევა 40 სახელმწიფო და რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბერნში.