იმედაძე ნათელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნათელა იმედაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათელა იმედაძე

იმედაძე ნათელა - Imedadze Natela, Имедадзе Натела 1929-

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1958), დოქტორი (1972), პროფესორი (1980). საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით და ასპირანტურა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1957 წლიდან ამავე ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში. 1973-2006 წლებში ხელმძღვანლობდა ფსიქოლოგიის კათედრას თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში (შემდგომში − უნივერსიტეტი), კითხულობდა ბავშვის ფსიქოლოგიისა და განათლების ფსიქოლოგიის ძირითად კურსებს. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია.

ნ. იმედაძე არის ბავშვის მეტყველების კვლევის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, სისტემატურად და აქტიურად მონაწილეობს მოხსენებებით ამ ასოციაციის კონგრესებში, სხვადასხვა დონის სამეცნიერო ფორუმებში (ბუდაპეშტი, სტამბოლი, ვენა, სან-სებასტიანი, თბილისი და სხვა). იგი საქართველოს წარმოადგენდა ფსიქოლოგთა რამდენიმე საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში (მოსკოვი, ტოკიო, ლაიფციგი). ნ. იმედაძის ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 25 დისერტაცია პედაგოგიკურ და ბავშვის ფსიქოლოგიაში.

ნ. იმედაძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: პედაგოგიკური და ბავშვის ფსიქოლოგია, ბავშვის მეტყველება, კერძოდ ბილინგვიზმი და მეორე ენის სწავლება; ემოციები, სახელდობრ შფოთვა და სტრესი.

ნ. იმედაძის საკანდიდატო დისერტაცია ეხებოდა ადრეული ბილინგვიზმის ფსიქოლოგიურ მექანიზმებს. დისერტაციაში ასახული ემპირიული მასალა მიღებულია „ერთი აღმზრდელი პიროვნება − ერთი ენა” მოდელის საფუძველზე; აღწერილია ორი ენობრივი სისტემის პარალელურად ჩამოყალიბების საფეხურები: I. შერეული მეტყველებისა და II. ორი ენის გამიჯვნისა. ისინი განწყობის თეორიის ტერმინებითაა ინტერპრეტირებული. მეორე ენის ათვისების ექსპერიმენტული შესწავლის შედეგად ავტორს ბილინგვიზმი წარმოდგენილი აქვს, როგორც ორი ენის ურთიერთმიმართების განვითარებადი სისტემა. ნ. იმედაძე განაგრძობს ბილინგვიზმის პრობლემების კვლევას, ამჯერად საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა (სომხები, აზერბაიჯანელები) ქართული ენის დაუფლებისა და მათთვის მასწავლებლების მომზადების მიმართულებებით.

პარალელურად ნ. იმედაძე იკვლევს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა ემოციებს, კერძოდ, შფოთვას; ქმნის ბავშვის შფოთვის გაზომვის პროექციულ მეთოდიკას, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემდგომში კვლევის საგანი გახდა მოზარდების შფოთვის დაძლევის თავისებურებანი. ნ. იმედაძე კვლავაც განაგრძობს სტრესის გავლენაზე მოზარდების პიროვნული მახასიათებლებისა და სტრესის დაძლევის (ქოპინგის) სტრატეგიების თავისებურებათა შესწავლას. თანამშრომლებთან ერთად შესრულებული აქვს დიდი მოცულობის კვლევა დევნილი ოჯახების მოზარდებზე სტრესქოპინგის სტრატეგიების გამოსავლენად. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კონტინგენტის მოზარდები შედარებით ადრე იწყებენ სტრესის დაძლევის უფრო ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებას. ამ კვლევის შედეგები წარმოდგენილ იქნა ევროპის მოზარდების კვლევის კონგრესზე (2010).

1980-იანი წლებიდან ნ. იმედაძე ჩაერთო რამდენიმე საერთაშორისო პროექტში ბავშვის მეტყველების კროსკულტურული კვლევის მიმართულებით (ვენის, ბერკლის, კელნის უნივერსიტეტები). იკვლია ბავშვის მიერ ქართულის როგორც მშობლიური და როგორც მეორე ენის დაუფლების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. 2001-2003 წლებში ნ. იმედაძე თანადირექტორის პოზიციით ჩაერთო ბერნის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებთან ერთად მასშტაბურ კროსკულტურულ პროექტში „ქართველი, შვეიცარელი და ნორვეგიელი მოსწავლეების ყოველდღიური დატვირთვა”. პროექტში მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. შედეგები მოსმენილ იქნა რამდენიმე კონგრესზე მოზარდების ფსიქოლოგიის შესახებ (მილანი, პორტო).

2017 წელს გამოქვეყნებულ წიგნში განზოგადებულ იქნა ავტორის მიერ 20 წლის განმავლობაში შესრულებული გამოკვლევები ქართველი ბავშვის მეტყველების განვითარების კროსლინგვისტური ანალიზის თვალსაზრისით. წიგნში ნაჩვენებია ქართულენოვან ბავშვთა მეტყველების განვითარების ზოგადი და სპეციფიკური ნიშნები, მაგ., ერგატიული კონსტრუქციების (მოთხრობით ბრუნვაზე აგებული სინტაქსური წყობა) ადრინდელი აღმოცენება ბავშვის სამანიპულაციო აქტივობის საფუძვლეზე, ზმნისწინების სიმრავლე მოძრაობის ზმნებში და სხვა.

მთავარი ნაშრომები

  • Тревожность как фактор учения / Психологические исследования. Под ред. А. Прангишвили. Тбилиси: „Мецниереба”, 1966;
  • Экспериментальные исследования владения и овладения вторым языком. Тбилиси: „Мецниереба”, 1979;
  • Бессознательное в стратегии овладения вторым языком / “Бессознательное, природа, функции, методы исследования” т.3, Тбилиси: „Мецниереба”,1979;
  • The Acquisition of Georgian / The Crosslinguistic Study of Language Acquisition”, ed. D.Slobin. Hillsdale, NJ: Laurence Erlbaum, 1994; Motion Verbs in Georgian Children Narratives // Psychology of Language and Communication, Language and Communication, 1999, v.3 Warszawa;
  • ქართველ მოზარდთა სტრესის დაძლევის სტრატეგიები როგორც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებელი / „ფსიქოლოგია” ტ. 19, 2004 (ლ. ქსოვრელაშვილთან თანაავტორობით);
  • ბავშვის მიერ ქართულის როგორც მშობლიური ენის დაუფლების საიდუმლოებები. ფსიქოლინგვისტური პერსპექტივა. თბილისი: ილიას უნ-ტის გამომცემლობა, 2017.


იხილე აგრეთვე

ნათელა იმედაძე

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები