ახალაძე ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნანა ახალაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანა ახალაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა ქ. ბათუმში, 1946 წლის 15 ნოემბერს. 1962 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა ქედის საშუალო სკოლა; შემდგომ – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ასპირანტურა.

1977-2009 წლებში ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელოვნების ინსტიტუტში.

1993-1997 წლებში იყო ბათუმის აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის ჰუმანიტარული დისციპლინების კათედრის გამგე და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სხვადასხვა დროს ასევე მუშაობდა სკოლებში მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ, აჭარის განათლების სამინისტროს მეთოდისტად.

1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პედაგოგთა უფლებების დაცვის კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

1993 წელს დააფუძნა პედაგოგიური გაზეთი „სინათლე“, რომელმაც იარსება 2000 წლამდე.

2000-2004 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გაზეთ „განათლების“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 2007-2013 წლებში – გაზეთ „აჭარა PS“-ის ჟურნალისტი და რუსული ვერსიის რედაქტორი, გაზეთ „საქართველოს მომავალი“-ს რედაქტორი, ტელეკომპანია „ERA“-ს სტუდიის „ქვაკუთხედის“ წამყვანი ჟურნალისტი.

ნანა ახალაძე ავტორია 12 წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. არჩეულია საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (2003 წლიდან). ფრანგ კლასიკოსთა მისეული თარგმანები და ლიტერატურული წერილები ქვეყნდება ჟურნალებში: „ლიტერატურული პალიტრა", „ჩვენი მწერლობა", „საუნჯე“, „ჭოროხი“, „მწვანეყვავილა“.

დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (ორგზის), საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის ვერცხლის მედლით (პედაგოგიურ დარგში განსაკუთრებული დამსახურებისათვის).

გამოცემული აქვს კრებულები: „მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა თეატრალური ხელოვნების საშუალებით“ (ქ. ერევანი, 1990), გი დე მოპასანი „რჩეული ნოველები“ (1997), „ფრანგული ნოველები“ (2000), გი დე მოპასანი „ნოველები და ესეები“ (2007), „არ დაიკარგვის ამაგი“ (ტრილოგია აჭარაში მოღვაწე განათლების სფეროს ღვაწლმოსილ ადამიანებზე, 2012, 2014, 2018, ბათუმი), „ფრანგული ზღაპრები“ (ბათუმი, 2016), „ფრანგული ზღაპრები“ (2019), „ცოდნის ლაბირინთები“ (პედაგოგიური ნაშრომი, I ნაწილი, თანაავტორთან, 2018).

წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები