ხატისკაცი ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნანა ხატისკაცი-დან)
ხატისკაცი ნანა – (1931 – 2001), ქართველი მთარგმნელი, პოეტი, რეჟისორი. დაიბადა თბილისში. 1954 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი; 1954-57 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, 1958-60 და 1995-2001 წლებში იყო თელავის თეატრის რეჟისორი, 1964-88 წლებში სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის სახელობის თეატრში, გადაღებული აქვს რამდენიმე კინოფილმი, 1963 წელს გამოვიდა მის მიერ თარგმნილი ფედერიკო გარსია ლორკას რჩეული ლექსების კრებული, ხოლო 1995 წელს – საკუთარი ლექსების კრებული. 2014 წელს ლორკას ლექსების ნანა ხატისკაცისეული თარგმანები ხელმეორედ დაიბეჭდა.
- ფედერიკო გარსია ლორკა
- დაღვრილი სისხლი (ფრაგმენტი)
- თარგმნა ნანა ხატისკაცმა
- არა, არ მინდა, რომ დავინახო,
- რა მეწამული ამოდის მთვარე...
- ო, შეაჩერეთ სისხლის მდინარე,
- იქ იგნასიო ქვიშაზე გდია, –
- არა, არ მინდა, რომ დავინახო!
- * * *
- მას საუკუნო ეწვია ძილი,
- ის შეეფარა ხავსსა და ბალახს
- და ეხებიან თითები ფრთხილი
- მის თავის ქალას – სისხლიან ყვავილს.
- მწვანე ბორცვებზე, მწვანე ველებზე
- იღვრება სისხლი, როგორც სიმღერა,
- იღვრება სისხლი, როგორც სიმღერა,
- ხან გუბეს ბაძავს, ხან ზღვას ედრება...
- ო, შეისმინეთ ჩემი ვედრება!
- არ შემიძლია, ვერ ვუმზერ, ვერა.
- და ესპანეთის თეთრ კედლებს შორის
- შავი ხარების ყრუ გმინვა მიწყდეს _
- ამ დაკაფულმა სისხლის ძარღვებმა
- ბულბულებივით გალობა იწყეს.
- არა, არ მინდა, რომ დავინახო...
- ველებო! აღარ მაჩვენოთ ვარდი წითელი,
- ღრუბლებო! ეს მეწამული დამალეთ მთვარე.
- მთებო, ო! ო, შეაჩერეთ სისხლის მდინარე,
- ო, არა! არა! არ მინდა, რომ დავინახო.