ვიტსენი ნიკოლაას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლაას ვიტსენი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლაას ვიტსენი – (1641–1717), ჰოლანდიელი მეცნიერი (აღმოსავლეთმცოდნე, კარტოგრაფი, იურისტი) და სახელმწიფო მოღვაწე.

ვიტსენი, როგორც ჰოლანდიური ელჩობის წევრი, 1664-65 რუსეთში იმყოფებოდა, სადაც დიდძალი მასალა შეაგროვა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და მიმდებარე ტერიტორიათა შესახებ, რაც საფუძვლად დაედო მის მიერ შედგენილ ამ რეგიონის რუკასა (1687) და გამოქვეყნებულ ნაშრომს „ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი თათრეთი“ (1692). გამოკვლევებში სათანადო ადგილი დაეთმო საქართველოსა და ქართველებს, რომელთაც ავტორმა თავის წიგნში საგანგებო თავი მიუძღვნა. რუსეთის ემიგრაციაში მყოფმა არჩილ II-მ 1686 წელს ურთიერთობა დაამყარა ვიტსენთან, რომელიც იმხანად ამსტერდამის ქალაქისთავი იყო და რომელმაც დახმარება აღმოუჩინა ქართველ მეფეს სასულიერო და საერო ქართული შრიფტის შექმნაში (მათი მიმოწერის დამადასტურებელი საბუთები ნიმუშებითურთ დაცულია ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში).

1697-98 ჰოლანდიაში წარგზავნილი რუსეთის „დიდი ელჩობის“ შემადგენლობაში პეტრე I-თან ერთად მონაწილეობდა მისი ახლო მეგობარი ალექსანდრე ბატონიშვილიც (არჩილ II-ის ძე), რომლის მიმართ ვიტსენმა განსაკუთრებით გულთბილი დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მისი ხელშეწყობით ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც ჰოლანდიაში 1699-ის ზაფხულამდე დარჩა, საარტილერიო საქმე აითვისა ჰააგისა და უტრეხტის სათანადო სასწავლებლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ხელმძღვანელობით. ამ ხნის განმავლობაში ვიტსენსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა დამყარდა, რაც აისახა ვიტსენის ზემოაღნიშნული წიგნის მეორე გამოცემაში (1705). წიგნის ნაწილი საქართველოს შესახებ ძირეულადაა გადახალისებული და შევსებული ახალი ფაქტობრივი მასალით. აქ წარმოდგენილია აგრეთვე ვიტსენისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ შედგენილი იმ დროისათვის უნიკალური ჰოლანდიურ-ქართული ლექსიკონი და პორტრეტული სახეები ორი ქართველი მეფის – არჩილ II-ისა და ერეკლე I-ისა. წიგნის ავტორის მინიშნებით, პორტრეტები ჰოლანდიელმა მხატვარმა მისი თხოვნით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვიტსენი თავის წიგნში არაერთგზის იმოწმებს ახალგაზრდა ქართველი კოლეგის, ალექსანდრე ბატონიშვილის კავკასიათმცოდნეობით პრობლემატიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებსა თუ გამონათქვამებს.

ჯ. ვათეიშვილი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები