შატაიძე ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნუგზარ შატაიძე-დან)
შატაიძე ნუგზარ − (1944 − 2009), ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი. დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
- დავბერდი
- მაღლიდან წვიმა მოასხამს −
- მიწისა არი, არ ცისა,
- სახეს მისველებს ტიალი,
- შამღონებელი კაცისა.
- ჟამი გასულა რამდენი,
- ნურავინ იტყვის − წამია,
- გახუნებულა ყოველი,
- აქამდე რაც მიწამია.
- ვზივარ და ჩუმად ვიგონებ
- ჩავლილ-გამოვლილ ყოფასა −
- სულ მუდამ ჯაჭვით დაბმულსა
- იმ ღრჯოლებიან ქოფაკსა.
- ფანდურიც დამძველებია,
- ვეღარ გავუბი ლარები,
- რა თავში ვიხლი − გამოჩნდა
- შავეთის შავი კარები.
- უცხონი დამწკრივებულან,
- მიაწითლებენ ქვიშასა,
- სხვათა სიმღერას მღერიან,
- ლაპარაკობენ სხვისასა.