ტაბიძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოთარ ტაბიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ ტაბიძე

ტაბიძე ოთარ − Tabidze Otar, Табидзе Отар 1925-1986

ქართველი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1979). სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე და აქვე ასპირანტურაში ფსიქოლოგიის კათედრაზე, ა. ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით. მომდევნო წლებში მუშაობდა ქუთაისის, გორის და თელავის პედინსტიტუტებში. 1956-1962 წლებში დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი და სწავლული მდივანი იყო, 1962 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც 1982 წლიდან გარდაცვალებამდე ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, იყო სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი.

ო. ტაბიძე ერთნაირი წარმატებით მუშაობდა როგორც ფსიქოლოგიის, ისე ფილოსოფიის მიმართულებით. იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის საკითხებს, ფსიქოლოგიის ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემატიკას. ზოგადი ფსიქოლოგიის დარგში შესრულებული ნაშრომებიდან აღსანიშნავია შეგრძნებათა ურთიერთობის კვლევა, რომელიც განზოგადებულია მონოგრაფიაში „შეგრძნებების ურთიერთობის პრობლემა ფსიქოლოგიაში” (1961). ნაშრომში განხილულია საკითხების ფართო წრე, გამოთქმულია საინტერესო აზრები შეგრძნებისა და აღქმის მიმართების, ცნობიერების გენეზისის, სინესთეზიის, სივრცის აღქმის, აღქმის ილუზიების, კერძოდ კონტრასტული ილუზიის ბუნების შესახებ. ეს უკანასკნელი საკითხი შესწავლილია აგრეთვე ჩვევის გადატანის საკითხთან დაკავშირებითაც. ავტორი ავითარებს „განწყობის შეცვლის ძირითადი კანონის” ახალ გაგებას. სახელდობრ, ამტკიცებს, რომ განწყობის თეორია არ საჭიროებს დამატებით პოსტულატს განწყობის შეცვლის შესახებ კრიტიკული ცდის შემთხვევაში. ამით საფუძველი დაედო ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში წარმოებულ ფართო კვლევა-ძიებას განწყობის ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, რომელიც მიმართული იყო ფიქსირებული განწყობის ეფექტების (კონტრასტ-ასიმიალაცია) ბუნების ადეკვატურ ახსნაზე {კონტრასტული ილუზიის პრობლემა}. გარდა ამისა, შ. ჩხარტიშვილთან ერთად შემუშავებული ე.წ. „გადაჯვარედინებული ხედვის” ორიგინალური მეთოდით, ო. ტაბიძემ მოიპოვა დამაჯერებელი დამატებითი ექსპერიმენტული მტკიცებულებანი აქტუალური განწყობის ცენტრალურ-მთლიანობითი ბუნების შესახებ.

ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საკითხების კვლევებიდან უნდა აღინიშნოს ო. ტაბიძის ორი წიგნი: „ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები” და „ქცევათმეცნიერების ფილოსოფიური საფუძვლები”. პირველში მოცემულია პრაგმატიზმის, ლოგიკური პოზიტივიზმის და ოპერაციონალიზმის, როგორც ბიჰევიორიზმის მეთოდოლოგიური ბაზისის საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზი. მეორეში, ქცევის ობიექტური მხარის შესწავლის ამოცანასთან დაკავშირებით, განხილულია ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა თეორიათა ურთიერთმიმართება, რედუქციონიზმი და ფსიქოლოგიზმი, კერძო და ზოგადი, მთელი და ნაწილი და ა.შ. გამოთქმულია მრავალი საყურადღებო აზრი.

ო. ტაბიძე ეკუთვნის ქართველი ფილოსოფოსების იმ ჯგუფს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, როგორც ფილოსოფიის დარგის დასაბუთებისთვის და განვითარებისთვის {ფილოსფიური ანთროპოლოგია საქართველოში}. ო. ტაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ადამიანის არსის, გონითი ყოფიერების და ანთროპოგენეზის პრობლემების ცხადყოფას. მას ეკუთვნის ორიგინალური კონცეფცია ადამიანში განვითარების სხვადასხვა დონეთა, სინამდვილის სხვადასხვა ფენათა თანაარსებობის შესახებ. საყურადღებოა მოთხოვნილების, ღირებულების და თავისუფლების ცნებათა ურთიერთმიმართების ავტორისეული გააზრება. ფილოსოფიური ანთროპლოგიის მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური საკითხებია გაშუქებული მის სხვადასხვა ნაშრომებში.

ო. ტაბიძემ შეასრულა მნიშვნელოვანი გამოკვლევები შემოქმედების ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში, რომელთაგანაც აღსანიშნავია წიგნი „შემოქმედების არსი” (1980). ავტორი ამტკიცებს, რომ შთაგონების, ინტუიციის და ანტიციპაციის ფსიქოლოგიური ფენომენები ობიექტური ღირებულებებითაა პირობადებული და, ამდენად, შემოქმედების ნამდვილ არსს გვიხასიათებს.

მთავარი ნაშრომები:

  • შეგრძნებების ურთიერთობის პრობლემა ფსიქოლოგიაში. თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, 1961;
  • ჩვევის გადატანის ნიშნის საკითხისათვის // საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა მოამბე, 1961, 3;
  • ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები. თბილისი: „მეცნიერება”, 1968;
  • ქცევათმეცნიერების ფილოსოფიური საფუძვლები. თბილისი: „მეცნიერება”, 1974;
  • შემოქმედების არსი. თბილისი: „მეცნიერება”, 1980;
  • ადამიანი − სინამდვილე და ოცნება. თბილისი: „მეცნიერება”, 1986;
  • ადამიანი, თავისუფლება, შემოქმედება. თბილისი: „მეცნიერება”, 1991.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები