პიროვნების აშლილობა პარანოიდული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პარანოიდული პიროვნული აშლილობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა, პარანოიდული - (F60.0), (personality disorder, paranoid), დამახასიათებელია დაბრკოლებებისადმი გამძაფრებული მგრძნობელობა, ეჭვიანობა, ნეიტრალური ან მეგობრული რჩევების მტრულად მიღების ტენდენცია, აგრეთვე, საკუთარი უფლებების აგრესიული და მტკიცე დაცვა. შესაძლოა აღინიშნოს პათოლოგიური ეჭვიანობა, ან საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბება მოიცავს ექსპანსიურ, ფანატიკურ, კვერულანტულ და სენსიტიურ პარანოიდულ პიროვნებას (პიროვნების აშლილობა), რომლებიც სხვა კლასიფიკაციებშიც გვხვდება. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ეჭვიანი და სენსიტიურია. ისინი საკუთარ თავს ძალიან მნიშვნელოვნად განიცდიან, მაგრამ ძალიან ადვილად ეუფლებათ სირცხვილის და დამცირების განცდა. ისინი ეჭვიანები არიან, რის გამოც მათი ყურადღება მუდმივად მიმართულია იმაზე, რომ სხვებმა არ მოატყუონ. ამის შედეგად, სხვები მათ „რთულ, მძიმე“ ადამიანებად თვლიან და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა არ არის საღი აზრით წარმართული. ასეთ ადამიანებს უნდობლობა ახასიათებთ. მათ ეჭვი შეაქვთ ადამიანების ერთგულებაში და ამიტომ არ ენდობიან მათ. ხშირად ახასიათებთ ეჭვიანობა სექსუალურ ნიადაგზე. ისინი ადვილად არ იჩენენ მეგობრებს და ნაკლებად ერთიანდებიან სხვადასხვა სახის ჯგუფებში. მათ ზედმეტად უყვართ ყველაფრის გასაიდუმლოება, არაპირდაპირი და თვითკმაყოფილნი არიან. მათ ადვილად წყინთ და ხშირად ისე აღიქვამენ სხვის ქცევას, თითქოს სხვები ცივად და უხეშად იცილებენ მათ. როდესაც პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე პირებს რაიმეს სთავაზობენ, ისინი, პირველ რიგში, იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რა სახით შეიძლება ამ შემოთავაზებამ ავნოს მათ ინტერესებს

ასეთი ადამიანები სენსიტიურები (მგრძნობიარენი) არიან ცივი მოპყრობის მიმართ. მათთან ურთიერთობა არაკომფორტულია; ხშირად გადადიან ჩხუბსა და კამათზე; ისეთ კომენტარებშიც კი, რომლებიც სრულიად უწყინარია, დამამცირებელ და მუქარის შემცველ შინაარსს დებენ. კრეჩმერმა აღწერა, თუ როგორ იწვევს ასეთი ადამიანების სენსიტიურობა დამცირებასთან და ეჭვთან დაკავშირებულ აზრებს, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ დევნის ბოდვაშიც კი შეიძლება აგვერიოს. გარდა ამისა, ასეთი ადამიანები ხშირად გამოხატავენ აღშფოთებას და ბოღმიანები (გულღრძონი) არიან. ისინი არასოდეს პატიობენ სხვას წყენას, რომელიც ან რეალურია ან კიდევ მათ მიერ ასეთად არის აღქმული. მათ აქვთ საკუთარი უფლებების გაზვიადებული განცდა. ხშირად ჩივიან სასამართლოში და დაჟინებით ცდილობენ მოიგონ პროცესი, რასაც, შეიძლება, წლები დაუთმონ. მათ ადგილას, სხვები დიდი ხნის წინ დაანებებდნენ თავს საასამართლოში დავას.

პარანოიდულ პიროვნებებს აქვთ საკუთარი თავის მნიშვნელოვნების შეგრძნების გამძაფრებული განცდა. მათ სჯერათ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან და შეუძლიათ საოცრად მაღალი მიღწევები ჰქონდეთ ცხოვრებაში. ეს არარეალისტური წარმოდგენა არ იცვლება უმნიშვნელო მიღწევების მიუხედავად. ასეთი რწმენის შენარჩუნება მათთან იმის გამოა შესაძლებელი, რომ მათი აზრით, სხვა ადამიანები ხელს უშლიან საკუთარი პოტენციის სრულად განხორციელებაში.


პარანოიდული პიროვნული აშლილობის ნიშნები
ეჭვიანია
უნდობლობას იჩენს სხვების მიმართ
შურიანია
სენსიტიურია
აღშფოთებულია
გულღვარძლიანია
საკუთარი თავი მნიშვნელოვან ადამიანად მიაჩნია

ამ აშლილობის მქონე პაციენტების ჩართვა მკურნალობის პროცესში ძალიან რთულია, მათი ეჭვიანი ბუნებისა და ადვილად გაღიზიანების გამო. თუ ეს მოხერხდა, მხარდამჭერმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ისეთი პრობლემების აკუმულირებას, რომლებიც სხვა ადამიანების მიმართ პაციენტის ეჭვიანი და ბრაზიანი დამოკიებულებითაა გამოწვეული. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები