დომინგო პლასიდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პლასიდო დომინგო-დან)
დომინგო პლასიდო - (ესპ. Plácido Domingo 21. I. 1941, მადრიდი), ესპანელი მომღერალი (ტენორი).
სიმღერა ისწავლა თავისი მშობლებისაგან-სარსუელების (ესპანური ეროვნული მუსიკის თეატრალური ჟანრი) შემსრულებლებისაგან. 1966-იდან მღეროდა ნიუ-იორკში, შემდგომ ვენაში, ჰამბურგში, დასავლეთ ბერლინში. 1968-იდან „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტია, გამოდის აგრეთვე თეატრ „ლა-სკალაში“. ასრულებს ლირიკული და დრამატული ტენორის პარტიებს (ოტელო, რადამესი, ვერთერი და სხვ.) ზოგჯერ გამოდის როგორც საოპერო დირიჟორი (ი. მარკევიჩის მოწაფეა).
დომინგო XX ს. მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია. მისი შესრულება გამოირჩევა მრავალმხრივობით, ემოციურობით, ტემბრული ნიუანსიების სიმდიდრით, დახვეწილი ფრაზირებით.