ბერაძე რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რამაზ ბერაძე-დან)
ბერაძე რამაზ − (1957 − 2016), ქართველი სპორტსმენი და პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 112-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაასრულა სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწათმოწყობის ინსტიტუტის ინჟინერ-ნიადაგმცოდნე, ტელერადიომაუწყებლობაში რედაქტორად, სპორტკომიტეტში წამყვან სპეციალისტად. იგი წლების განმავლობაში იყო წარმატებული რაგბისტი, თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში, წვრთნიდა სარაგბო კლუბებს. ლიტერატურულ-შემოქმედებით მოღვაწეობას მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ეწეოდა, როდესაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. პირველ პოეტურ კრებულს ერქვა „წრებრუნვა”, რასაც კიდევ ორი კრებული მოჰყვა.
- * * *
- თეთრ ფურცელს ისევ შეუჩნდა ღამე
- და შავი მელნით უპირებს შთანთქმას,
- უპირო წამებს ულმობლად სვამენ,
- თან აპირებენ შეთქმულთა გათქმას.
- დრო ვამპირები... მწოვენ სიცილით,
- ღამე კი რჩება უგრძნობ ძმობილად;
- და მითანაგრძნობს ფიქრით, იცი, ვინ? –
- ლექსი, რომელიც ჯერ არ შობილა.
- სულს ითქვამს მთვარე დილის ნიავით,
- ვარსკვლავთა ფერხულს გასვლია ყავლი,
- ისევ საოცრად დავაგვიანე,
- დღის შვილი ღამის გავხდი ნადავლი.
- სადღაც შორს, ბნელში, ეულად ბოლავს
- ჩანაცრებული ცეცხლი ნუგეშის,
- შემოაგელვებს მსახვრელი დრო რაშს,
- ფიქრს გააგელვებს სიჭაბუკეში.
- ოცნება ძლივს დგას მორღვეულ ფრთებზე,
- ზეცაც მიწაზე ჩამომხობილა,
- ხვალ სიკვდილს უნდა დავუდგე ფეხზე
- ლექსით, რომელიც ჯერ არ შობილა.