ტაკიძე რევაზ
რევაზ ტაკიძე –(29 აპრილი 1942. ბათუმი), ქართველი დირიჟორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია როგორც პიანისტმა (1966 პროფ. გ. მაჭუტაძის კლასი) და დირიჟორმა (1973 პროფ. ო. დიმიტრიადის კლასი). 1975-იდან მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დირიჟორობს საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს, 1972-იდან მუშაობს თბილისის კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრაზე (2000-იდან კათედრის გამგე), დირიჟორობს კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებს (2000-იდან მთავარი დირიჟორია), საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის კონცერტებს (1972-იდან). 1980-94 იყო გორის მუსიკალური სასწავლებლის საოპერო სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი. 1992 თბ. საოპერო თეატრის სპექტაკლის „ქეთო და კოტე“ განახლებული დადგმის დირიჟორობისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.