როლანი რომენ
რომენ როლანი − (29 იანვარი 1866, კლამსი – 30 დეკემბერი 1944, ვეზლე), ფრანგი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკისმცოდნე, ნობელის პრემიის ლაურეატი (1915).
რომენ როლანმა ჰუმანიტარულ დისციპლინებთან ერთად საფუძვლიანად შეისწავლა მუსიკის ისტორია და მუსიკალური ხელოვნება. 1895 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „თანამედროვე ლირიკული თეატრის წარმოშობა, ოპერის ისტორია ევროპაში ლიულიმდე და სკარლატიმდე“. 1902-12 რომენ როლანი სორბონში კითხულობდა ხელოვნებისა და მუსიკის ისტორიის კურსს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევა „ბეთჰოვენის ცხოვრება“ (1903), მრავალტომიანი გამოკვლევა ბეთჰოვენის შესახებ: „გმირულიდან აპასიონატამდე“ (1928), „გოეთე და ბეთჰოვენი“ (1930), „აღდგომის სიმღერა“ (1937), „დაუმთავრებელი ტაძარი“ (1943-45), „ბეთჰოვენის სატრფონ“ი (1949). შექმნა მრავალი წიგნი მუსიკისმცოდნეობის დარგში, გამოკვლევები (მონოგრაფიები ჟ. ბ. ლიულის, გ. ფ. ჰენდელის, კ. დებიუსის, კ. სენ-სანსის, რ. შტრაუსის შესახებ) და სხვ. რომენ როლანის ლიტერატურული მემკვიდრეობა ძალზე ვრცელი და მრავალფეროვანია. დიდი ადგილი უკავია მასში მუსიკისა და მუსიკოსების თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, მისი „ბეთჰოვენის ცხოვრება“ ერთგვარი პრელუდია იყო რომან-ეპოპეისა „ჟან-კრისტოფი“ (1904-12).