საბან-თოი
საბან-თოჲ (ბალყ.-ყარაჩ., ნოღ. Сабан-той – „გუთნის დღეობა“) – საგაზაფხულო ხვნის დაწყებასთან და პირველი რიტუალური ხნულის გავლებასთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული და ნოღაური აგრარული დღესასწაული, თანხლებული მაგიურ-რელიგიური ხასიათის წეს-ჩვეულებებითა და სანახაობითი მხიარულებით. საამდღისოდ ბალყარულ-ყარაჩული თემი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ბაგურ კვებაზე ჰყავდა სპეციალურად შერჩეული ხარი. სახნავად გასვლის წინ ხარი სალოცავიდან გამოყავდათ და მისი ქცევების მიხედვით ცდილობდნენ მომავალი მოსავლის წინასწარ განჭვრეტას: თუ თავაწეული ცხოველი ამ დროს ბღაოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ზემო ყანებში კარგი ჭირნახული იქნებოდა, მაგრამ თუ იგი თავდახრილი იბღავლებდა, უხვი მოსავალი ქვემო მინდვრებს დაებედებოდა. შემდეგ ხალხი ლოცულობდა, ხარს ნაყოფიერების ღვთაებას – დაულეს – შესწირავდა და საწესო სუფრას გაშლიდა.
გავრცელებული იყო სანახაობრივად დატვირთული დღეობის ვარიანტი, რომლის დროსაც პირველი ხნულის გასავლებად გუთნისდედები წყვილი ხარითა და სახვნელი იარაღით (сабан агъач) დილაუთენია სახნავ ფართობში გადიოდნენ. აქ იწყებოდა სადღესასწაულო პროცედურა: საწესო ხნულის გასავლებად მომზადებული „ბარაქიანი მამაკაცი“ (берекетли адам) მწვანე დროშას (აღორძინებული ბუნების სიმბოლოს) გამოფენდა და დაილოცებოდა:
- სიხარულით გავიდეთ სახნავად,
- ერთი ჩაგდებული თესლი ათასად იქცეს,
- დე, თეირი გულკეთილად განეწყოს,
- კარგად აჯეჯილდეს სახნავი,
- მიწისთვის – ნალექი, მამაკაცისთვის ძალა
- ვთხოვოთ გულუხვ თეირის.
ბალყარელები და ყარაჩელები სახნავ-სათესი ფართობის დამუშავებას, როგორც წესი, წივწივას (сабан чыбчыкъ) მოფრენისთანავე შეუდგებოდნენ. „გუთნის“ რიტუალი (ჩეგემის ხეობაში „საბან-თოჲს“ „გუთანი“ – Гутан – ეწოდებოდა) იწყებოდა იმით, რომ ხეობის ჩრდილოვანი ნაწილის მცხოვრებლები ე. წ. „წლის კინკლაობის“ (джыл тюйюшле) ინსცენირებას ახდენდნენ: ცხოველთა ნიღბებიანი პერსონაჟები მხვნელთა საქმიანობას უპირისპირდებოდნენ და ხნულში ქვებს ისროდნენ. ნაკვეთის პატრონის სახლიდან სადღესასწაულოდ გამოწყობილი გოგოები გამოდიოდნენ და გუგულის (гугук) ხმაზე იმიტირებდნენ. ამის გაგონებაზე გუთნისდედები ხარებს გუთანში შეაბამდნენ და ქალიშვილებს ხნულთან მიიყვანდნენ. ერთ-ერთ მათგანს – ნაყოფიერების მფარველის როლის შემსრულებელს – ხნულზე დააწვენდნენ და ზედ მიწას მსუბუქად დააყრიდნენ. მოხუცების მეცადინეობით, „ნაყოფიერების მფარველს“ ათავისუფლებდნენ, რისთვისაც დანარჩენი ქალიშვილები ღვეზელების, შეღებილი კვერცხებისა და ე. წ. „სახვნელი ბოზას“ სახით „გამოსასყიდს“ იხდიდნენ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ დღეობაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ხარებს. ვიდრე უხუცესი მოსავლის მფარველების სადიდებელს ამბობდა, ქალიშვილები ხარებთან მიდიოდნენ და რქებზე ერბოს უსვამდნენ და პურის კვერებს (кюл гютдю) კიდებდნენ. თუ ხარი მათ თავის დაქნევით დაბლა ჩამოაგდებდა, იღბლიანად ის ითვლებოდა, ვინც კვერებს მოიხელთებდა. გუთნისდედის ბრძანებით, წინმავალ ხარის კუდზე ნაირი ფერის ნაჭრებს კიდებდნენ. საბან-თოჲს საინტერესო ვარიანტი ჯანგიზ თერექის წმ. ხესთანაც სრულდებოდა.
საბან-თოჲს ფრიად საინტერესო ვარიანტი იყო ნოღაური დღეობა: საორგანიზაციო საქმიანობით აულის უხუცესები იყვნენ დაკავებულნი. საბჭოს სხდომაზე ირჩევდნენ ხანს – დღეობის ხელმძღვანელსა და განმწესრიგებელს, რომლის დამსახურებად ითვლებოდა ჭირნახულის სიუხვე (გარდა ზეიმის მომზადებისა და ჩატარებისა, ხანი პასუხისმგებლობას იღებდა საველე სამუშაოების წარმატებით განხორციელებაზე.). ხანის დამხმარეებად ახალგაზრდა მცველებს (საქლავშირალებს) გამოყოფდნენ; ხანის დამხმარეებად ირჩევდნენ აგრეთვე მოსამართლეს (тоьреши), მრავალშვილიან და აულში სათანადო ავტორიტეტის მქონე ქალბატონს – ხანიას, რომელიც საწესო სუფრის მომზადებასა და სტუმართა ჯეროვან გამასპინძლებას ხელმძღვანელობდა (როცა ხანი რიტუალურ ხნულს გაავლებდა, ხანია შიგ თესლს ყრიდა და ხანთან ერთად ჯერ მიწას რწყავდა, შემდეგ კი მკის ინსცენირებას აწყობდა). სოფლის ლამაზმანთაგან ირჩევდნენ ხანის ქალიშვილს – თოთაჲს (ზეიმის მსვლელობისას თოთაჲს „იტაცებდნენ“, რისთვისაც ხანი გამოსასყიდს იხდიდა). განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა ე. წ. თექეს (теке – „თხა“) – თხის ნიღბოსან პერსონაჟს, რომლის მოვალეობას ზეიმის მონაწილეთა გართობა შეადგენდა (შეეძლო, დაეცინა ნებისმიერისთვის, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა).
ხანი რეზიდენციას წარმოადგენდა გორაკზე დადგმული კარავი, რომელზედაც დროშა იყო აღმართული. გორაკის ძირში გაავლებული იყო ხნული, რომელსაც ხანისა და მისი მცველების გარდა ვერავინ გადააბიჯებდა. საბან-თოჲს შესაწირი (ძირითადად, ცხვრები, თხები, კუსტარული წარმოების საგნები) კარავში იყრიდა თავს. დღეობა საწესო სუფრით მთავრდებოდა.
ლიტერატურა
- Хаджиева Т. М. Эстетическая и утилитарно-магическая функции календарных песен балкарцев и карачаевцев (весенно-летний цикл) // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
- Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность карачаевцев и балкарцев // Календарь и календарная обрядность народов Карачаево-Черкесии. Черкесск, 1989;
- Керейтов Р. Ногайцы. Особенности этнической истории и бытовой культуры. Ставропоь, 2009;
- Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
- Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.