სებისკვერაძე რუსუდან
რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე – (2 აგვისტო 1946, ზესტაფონი), ქართველი კომპოზიტორი. ი. გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1993), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), თბილისის საპატიო მოქალაქე (2009). 1965- იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამუსიკო სასწავლებლებში. დაწერილი აქვს 500-მდე სიმღერა (აგრეთვე მუსიკა თეატრისათვის).
მისი სიმღერებისათვის დამახასიათებელია მელოდიურობა, მკაფიო ეროვნული კოლორიტი, ფაქიზი ლირიზმი. ცნობილი სიმღერებია: „საყვარელო მამულო“, „მხარე ლამაზი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „მთელ ქვეყანაზე“, „ჩუმად გაგიყვან მინდორში“, „იმერეთი“, „თბილისი ჩემი საფიცარია“, „ჩემი სამშობლო- ჩემი ღმერთია“, „ჩემი მიწის სადღეგრძელო“, „შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“ და სხვ.
გამოცემულია სებისკვერაძის 10 სანოტო კრებული, 2 საავტორო ფირფიტა, 5 კომპაქტდისკი და 1 ვიდეო კასეტა (საიუბელეო კონცერტების), აგრეთვე საფორტეპიანო პიესები სამუსიკო სკოლებისათვის. მისი ვარსვლავი გაიხსნა თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე (2008).