ქორიძე ფილიმონ
ფილიმონ ქორიძე – (1829, სოფ. გამოჩინებული, ახლანდ. ზემო აბაშა, სამტრედიის რ-ნი – 1911, ბახმარო, ახლანდ. ჩოხატაურის რ-ნი, დაკრძალულია ქ. ოზურგეთში), პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), პედაგოგი, ფოლკლორისტი, ხალხური გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვოკალურ ხელოვნებას ფილიმონ ქორიძე დაეუფლა მილანში, ფ. რონკონისთან (1864-72). 1872 გასტროლები ჰქონდა სამხრეთ ამერიკაში (რიო-დე-ჟანეირო). მღეროდა მილანის „ლა სკალაშიც“. 1873-იდან პეტერბურგის მარიას თეატრის სოლისტია. 1874-81 კონცერტებით შემოიარა იტალიის ქალაქები (კორიჯიოს ფსევდონიმით). 1881-იდან ერთხანს მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. შეასრულა სუსანინის (გლინკას „სიცოცხლე მეფისთვის“), დემონის (რუბინშტეინის „დემონი“), დონ ბაზილიოს (როსინის „სევილიელი დალაქი“), რუსლანის (გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“) პარტიები.
ფილიმონ ქორიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერა-გალობის თავმოყრის, ჩაწერისა და გავრცელების საქმეში. 1895-1904 შეკრიბა და გამოსცა საგალობლების 4 კრებული. ფილიმონ ქორიძეს დაწერილი აქვს ვოკალური და საფონიური ნაწარმოებები, აგრეთვე თეორიული ხასიათის შრომა „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“ (1895).