შამანაძე შადიმან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შადიმან შამანაძე-დან)
შამანაძე შადიმან − (1958), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი. დაიბადა ლანჩხუთში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის 48-ე საშუალო სკოლა. 1975-80 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პარალელურად კი − რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზეც. 1981-1991 წლებში იყო მწერალთა კავშირის თარგმანის მთავარი სარედაქციო კოლეგიის თანამშრომელი; მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის საგამომცემლო ცენტრ „ხომლის” დირექტორი; ლიტერატურულ ჟურნალ „არილის” მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული (მათ შორის − „ფასადი”, 1986; პიესები; არის ავტორი სცენარისა ფილმისთვის „მხოლოდ ერთხელ”.
- ხმით მიწის დანატირალი
- სიმართლის ამარა დარჩენილან
- ქართლის ბაღები და ველ-მინდორი.
- ძილში ომისაგან ჩარჩენილ ხმას
- ახშობს დღე პირველი, დღე მეორე...
- ნეტა კი შემეძლოს, ჭერად ვექცე
- ყველა დევნილსა და რჩენილს მარტოდ.
- ცალ-ცალი სცმევია ჩექმაც ფეხზე
- დიდი იმპერიის რესტავრატორს.
- აღა-მაჰმად ხანის დამწვარ თბილისს,
- შაჰ-აბასის მიერ აჭრილ ვენახს,
- ახლა რუსის ტანკი გადაუვლის,
- დედაბუდიანად გამითელავს.
- ქურთა, ერედვი და კარალეთი
- ჩუმად მისტირიან სახლიკაცებს.
- მალე გაუწყრებათ მამა ღმერთი,
- მათ, ვინც ქართლის მიწა დაიტაცეს!
- ტკივილს როგორ უხმოდ იშუშებენ,
- მუდამ თავმდაბალი ქართლელები.
- გულში კირად წვავენ შიშველ შიშს და
- ვერგასათევ ღამეს ათენებენ.
- ომმა გულისგულში ჩამახედა,
- ყველა გრძნობის მოხდა ლუსტრაცია.
- ქართლის მიწა ისევ ჩახმახზე დგას,
- რუსით ნუ მაშინებ, თუ კაცი ხარ...