დარბუაშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შოთა დარბუაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარბუაშვილი შოთა

დარბუაშვილი შოთა – (1955), პოეტი, ჟურნალისტი, მუსიკოსი. დაიბადა ცხინვალში. 1979 წელს დაამთავრა ცხინვალის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1970-იან წლებში. თანამოაზრეებთან ერთად შექმნა როკ-ჯგუფი „ბონვარონი” (ცისკრის ვარსკვლავი). იყო ამავე ჯგუფის დრამერი – სოლისტი. 1974 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. მისი ლექსები, წერილები იბეჭდებოდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, 1994 წელს მიღებული აქვს ჟურნალ „ნობათის” პრემია. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „სამაჩაბლოში ქართლის ცრემლია” (1992), „ლტოლვილი მქვია” (1994), „წარსულის ნაამბორალი” (2000), „მივიწყებული წალკოტი” (2007).


მე და თოვლი
თოვს და ქუჩები აივსო თოვლით
და გაინაბა ცხინვალი თეთრად,
ჩემში შემოდის სიმშვიდე თოვლის
და მე და თოვლი დავდივართ ერთად.
თოვლზე ეშვება ფიფქი ზოზინით,
ფიფქები სულის ცხელი ცრემლია,
თოვლი, მფარველი ანგელოზივით,
ჩემი ქალაქის თეთრი მცველია...
და მაინც, ასე რად მენატრები,
რას მესიზმრები მუდამ ეული!..
და მერე ცხადშიც რად მელანდები
ხან მიწიერი, ხან მთვარეული...
ვით დიდი მადლი, შენა ხარ ჩემში
და მე, ამაყი შენი ღირსებით,
ჩემი ცხოვრების თეთრ მოსახვევში
თოვლის სპეტაკი სუნთქვით ვივსები,
თოვს და აივსო თოვლით ქუჩები
და გაირინდა ცხინვალი თეთრად,
თეთრი სიმშვიდე არ მეურჩება
და მე და თოვლი დავდივართ ერთად...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები